ლიდერების მატჩი „გოლდენ სტეიტმა“ მოიგო - ვესტბრუკის მორიგი რეკორდი „ლეიკერსთან“ [ვიდეო]
11:20, 03.04.2019
ოთხი შეხვედრა გაიმართა დღეს დილით ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). „ორეკლ არენაზე“ დასავლეთ კონფერენციის ლიდერები – „გოლდენ სტეიტი“ და „დენვერი“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. წლევანდელ რეგულარულ სეზონში მოქმედმა ჩემპიონმა მესამე მატჩი მოუგო „ნაგეტსს“.
მასპინძლები მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდნენ და მეტოქე უშანსოდ, ანგარიშით 116:102 დაამარცხეს. ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი დემრაკუსკაზენსს ჰქონდა. ოკლენდელთა ცენტრმა 28 ქულა, 13 მოხსნა, ხუთი გადაცემა და ორი დაფარება ჩაიწერა აქტივში. გოლდენ სტეიტმა, უშუალო კონკურენტთან გამარჯვების შემდეგ, დიდი ნაბიჯი გადადგა პირველი ადგილისკენ. ამ გუნდებს შორის სხვაობა ორ მოგებას შეადგენს და რეგულარულის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე რთული წარმოსადგენია, რომ სტივ კერის გუნდი ამ უპირატესობას ხელიდან გაუშვებს.
რასელ ვესტბრუკი ლიგის ისტორიაში კიდევ ერთხელ შევიდა. ოკლაჰომას ლიდერი, ვილტ ჩემბერლენის შემდეგ, მეორე კალათბურთელი გახდა, რომელმაც სამმაგი დუბლი, მინიმუმ 20-20-20-ით (ქულა-მოხსნა-პასი) დაასრულა.
„ლეიკერსთან“ მოგებულ მატჩში (119:103) რასმა 20 ქულა, 21 მოხსნა და 20 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. ვესტბრუკის ამ სტატისტიკის ფონზე განახევრებული შემადგენლობით მოთამაშე „ლეიკერსს“ წარმატების არანაირი შანსი არ ჰქონია. „თანდერი“ დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა და პლეიოფის პირველ წრეში სავარაუდოდ ან „დენვერთან“ ან „ჰიუსტონთან“ მოუწევს დაპირისპირება.
სან ანტონიო-ატლანტა 117-111 საკრამენტო-ჰიუსტონი 105-130