ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს უფასო საპარკინგე და სარეკლამო ადგილები, ასევე ტაქსის მანათობლები გამოეყოფათ
თბილისში შესაბამისი ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს უფასო საპარკინგე ადგილები, ტაქსის მანათობლები და სარეკლამო ადგილები გამოეყოფათ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, რეკლამიდან მიღებული შემოსავალი კი, მძღოლის საკუთრება იქნება.
„ქალაქში მათთვის გამოიყოფა სპეციალური, უფასო ადგილები პარკირებისთვის. გარდა ამისა, მათ საკუთარ ავტომობილებზე გამოყოფილი ექნებათ კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის განთავსება და, რა თქმა უნდა, იქიდან შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება. ამასთან, ტაქსის მანათობელი, რომელსაც თბილისის მერია დაამზადებს, მათ უფასოდ გადაეცემათ. დაზიანების ან გატეხვის შემთხვევაში კი, ამის ყიდვა მოუწევთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, უკვე გაცემულია 6 200 ნებართვა. მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ტაქსის სერვისის უნებართვოდ განხორციელება 200 ლარით დაჯარიმდება.