ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები ავტომობილების თეთრად შესაღებად უფასო ვაუჩერს მიიღებენ
ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები ავტომობილების თეთრად შესაღებად უფასო ვაუჩერს მიიღებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ტაქსის მძღოლებს, რომლებიც ლიცენზიას 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებენ, ავტომობილების გადაღებვა არც ერთი თეთრი არ დაუჯდებათ.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, ავტომობილების შეღებვასთან დაკავშირებით, ლიცენზიის მქონე მძღოლებს გადავცეთ ვაუჩერი, რომ მათ მოახდინონ ავტომობილების თეთრად გადაღებვა. მათ ეს არ დაუჯდებათ არც ერთი თეთრი. ეს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ტაქსის მძღოლების მდგომარეობას და ხელს შეუწყობს რეფორმის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას. კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, რომელიც მორგებულია მომხმარებელთა მოთხოვნაზე. მხედველობაში მაქვს ტაქსების ჰიგიენური მდგომარეობა. ტაქსებს, რომელთაც 2018 წლის 10 ოქტომბრამდე არიან რეგისტრირებულნი, გავლილი აქვს ტექდათვალიერება, არის მარცხენასაჭიანი და ოთხკარიანი, გადეცემათ ავტოსალონის ჰიგიენური წმენდის ვაუჩერი”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ ვაუჩერებს ტაქსების მფლობელებს გადასცემს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, დააფინანსებს ტაქსების გადაღებვის სამუშაოებს და სალონის ქიმიურ წმენდას.
„სამღებრო და ქიმიური წმენდის სამუშაოები განხორციელდება 2018-2019 წლის პერიოდში. 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ჩვენ უკვე დედაქალაქში გვეყოლება ერთი ფერის ტაქსი, რომელიც ყველა თვალსაზრისით იქნება მოწესრიგებული. ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა და მგონია, რომ საზოგადოების მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა. მინდა, კარგად გვესმოდეს, რომ ეს რეფორმა ემსახურება სფეროს განვითარებას და მომხმარებლისთვის რაც შეიძლება უკეთესი მომსახურების მიწოდებას”, – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ. მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან კი, ტაქსების რეგისტრაცია სავალდებულო გახდა.