ლიბიის სანაპიროსთან მაშველებმა 500-მდე მიგრანტი გადაარჩინეს. ორი ოპერაციის ფარგლებში გადარჩენილი მიგრანტებიდან 66 ქალი და 70 ბავშვია.
მაშველების ინფორმაციით, მიგრანტები ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთას რეზინისგან კუსტარულად დამზადებული ექვსი ნავით აპირებდნენ. ისინი ტრიპოლიში, სამხედრო საზღვაო ბაზაზე გადაიყვანეს, საიდანაც დედაქალაქში, მიგრანტების დროებით ცენტრში განათავსეს.
მიგრანტების საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, 2018 წლის დასაწყისიდან 20 ივნისამდე არსებული მონაცემებით, ევროპაში ხმელთაშუა ზღვის გავლით ჩასული მიგრანტების რაოდენობა 41 000 ადამიანს შეადგენს. ამ ხნის განმავლობაში სახიფათო მოგზაურობას 960 ადამიანი შეეწირა.
ორგანიზაციის ცნობით, გასულ წელთან შედარებით, მიგრანტების ნაკადმა საგრძნობლად იკლო. 2017 წელს, ზუსტად ამ პერიოდში ხმელთაშუა ზღვა ევროპაში ჩაღწევის მცდელობით 85 000-მა ადამიანმა გადაკვეთა. 2133 პირისთვის კი მგზავრობა ფატალურად დასრულდა.