ლიბერტადორესის თასი ზედიზედ მეორედ „პალმეირასმა“ მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
სამხრეთ ამერიკის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალი გამორჩეული იყო, რადგან ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებულები ხვდებოდნენ ერთმანეთს, თანაც, „პალმეირასი“ და „ფლამენგო“ ბრაზილიის სერია A-ში მეორე-მესამე ადგილებზე არიან და მხოლოდ „ატლეტიკო მინეიროს“ ჩამორჩებიან, რომელმაც უკვე გაინაღდა ჩემპიონობა.
რენატო გაუშუს გაწვრთნილი „ფლამენგო“ ერთი თვე არ აგებდა და ფავორიტად მოჩანდა, მაგრამ „პალმეირასმა“, რომელმაც ბრაზილიის ჩემპიონატის ბოლო ოთხ ტურში მხოლოდ ერთი ქულა აიღო, მეტოქის დაცვის შეცდომის შემდეგ, პირველივე შეტევა გოლით დაასრულა – ნახევარმცველმა რაფაელ ვეიგამ დაადასტურა კლუბის საუკეთესო სნაიპერის სტატუსი.
„ფლამენგომ“, რომელიც დროის სამი მეოთხედის განმავლობაში ფლობდა ბურთს, 72-ე წუთზე გაათანაბდა – დე არასკაეტას შესანიშნავი პასის შემდეგ გაბიგოლმა გაიტანა და ყველას გაახსენდა 2019 წლის ფინალი, როცა ბოლო წუთებზე სწორედ მისი დუბლით შეძლო „ფლამენგომ“ „რივერ პლეიტის“ დამარცხება.
მაგრამ ამ ფინალს სხვანაირი სცენარი ჰქონდა. შეცვლაზე შესულმა დეივერსონმა გამოიყენა ანდრეას პერეირას უხეში შეცდომა და „პალმეირასს“ ზედიზედ მეორედ მოაგებინა ლიბერტადორესის თასი.
ზედიზედ სამი წელია ტურნირს ბრაზილიური კლუბები და პორტუგალიელი მწვრთნელები იგებენ – ჟორჟე ჟესუსისა და ზედიზედ ორჯერ აბელ ფერეირას ტრიუმფი ვიხილეთ.
ფინალი
პალმეირასი-ფლამენგო 2:1
გოლები: 1:0 რაფაელ ვეიგა (5), 1:1 გაბრიელ ბარბოზა (72), 2:1 დეივერსონი (95).