ლიბერიის პრეზიდენტმა, ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯორჯ ვეამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
ლიბერიული მედიის ცნობით, ჯორჯ ვეამ მისალოცი წერილი გაუგზავნა საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს.
სალომე ზურაბიშვილისადმი მიწერილ წერილში, ლიბერიის პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ისტორიული მოვლენა უწოდა.
„მოხარული ვარ ლიბერიის მთავრობისა და ხალხის სახელით, ასევე ჩემი სახელით, გადმოგცეთ გულწრფელი მილოცვა თქვენ და საქართველოს რესპუბლიკის დიდ ხალხს“, – აღნიშნულია გზავნილში.
ლიბერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრეზიდენტმა ვეამ წერილში საქართველოსა და ლიბერიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მტკიცე სურვილი გამოთქვა. მან ასევე აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი, განსაკუთრებით ვაჭრობის სფეროში. გარდა ამისა, ლიბერიის ლიდერი იმედოვნებს, რომ საქართველოსა და ლიბერიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა მნიშვნელოვნად განვითარდება.
ჯორჯ ვეამ ქართველ კოლეგას კეთილდღეობა, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს კი მდგრადი მშვიდობა და ეკონომიკური პროგრესი უსურვა.