ლიბანში უკრაინის საელჩო - ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა სირიაში უკრაინაში მოპარული დაახლოებით 100 ათასი ტონა ხორბალი გაგზავნა
უკრაინაში ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა სირიაში უკრაინაში მოპარული დაახლოებით 100 ათასი ტონა ხორბალი გაგზავნა, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ ლიბანში უკრაინის საელჩომ განუცხადა.
რუსეთის მიერ სირიისთვის მიწოდებული მოპარული ხორბლის საერთო ღირებულება 40 მილიონი დოლარს აღემატება.
უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობა რუსეთის მიერ უკრაინული ხორბლის სირიისთვის მიწოდებას „კრიმინალურ საქმიანობად“ აფასებს.
საელჩოს ცნობით, ხორბლის ერთ-ერთი პარტია რუსულმა ხომალდმა „მატროს პოზინიჩმა“ სირიის ლატაკიის პორტში მაისის ბოლოს ჩაიტანა. მარცვლეულით ხომალდი რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებულ სევასტოპოლის პორტში დაიტვირთა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს სატელიტური გამოსახულებები.
გასულ თვეში უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში 500 ათასი ტონა ხორბალი მოიპარეს. უწყების ცნობით, მარცვლეული ხარკოვიდან, დონეცკიდან და ლუგანსკის ოლქებიდან რუსეთში გაიგზავნა, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებიდან კი – ოკუპირებულ ყირიმში.