ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბეირუთში პეიჯერების აფეთქებების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 2 800-მდე კი დაშავდა
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბეირუთში პეიჯერების აფეთქებების შედეგად დაღუპულია რვა ადამიანი, 2 800-მდე კი დაშავდა.
მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის არის „ჰეზბოლას“ წევრის მცირეწლოვანი შვილი.
მასობრივი აფეთქებების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ თავდასხმასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა აფეთქებებში ისრაელი პირდაპირ არ დაუდანაშაულებია.
„ჰეზბოლამ“ მოუწოდა მოსახლეობას, გააცნობიერონ, რომ ჭორები და ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, შეიძლება, ემსახურებოდეს მტრის მიერ წარმოებულ „ფსიქოლოგიურ ომს“.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ, რიგით წევრებთან ერთად, დაშავებულთა შორის არიან „ჰეზბოლას“ ლიდერები და მათი მრჩევლები. აფეთქებების სამიზნე, ძირითადად, „ჰეზბოლას“ წევრები იყვნენ. აფეთქებები ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ერთ-ერთ უბანში მოხდა. ადგილობრივი მედია წერს, რომ ისრაელმა მოახერხა პორტატული პეიჯერების გატეხვა და მათი აფეთქება.
პარალელურად, ირანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაშავებულთა შორისაა ლიბანში ირანის ელჩი მოჯტაბა ამანი. აფეთქებები, სავარაუდოდ, სირიაშიც მოხდა. ლიბანთან შესაძლო ესკალაციის მოლოდინში ისრაელის მთავრობის წევრები ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში იკრიბებიან.