ლიბანის არმიამ ისრაელის დრონებს ცეცხლი გაუხსნა
ლიბანის არმიამ ისრაელის დრონებს ცეცხლი გაუხსნა

ლიბანის არმიამ საზღვრის დამრღვევ ისრაელის დრონებს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. ინტენსიური ცეცხლის გამო უპილოტო საფრენი აპარატები ისრაელის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რომ ლიბანის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლის შემთხვევაში ნებისმიერი საფრენი აპარატი ჩამოაგდონ.

ლიბანის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „ლიბანს აქვს უფლება, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა ისრაელის თავდასხმის მოსაგერიებლად“.

ლიბანის მთავრობამ ასევე მიმართა გაერო-ს უშიშროების საბჭოს და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა.

25 აგვისტოს ბეირუთში ისრაელის ორი დრონი ჩამოვარდა. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. კვირას ღამით კი ისრაელმა იერიში მიიტანა ლიბანის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც რადიკალური მოძრაობა „პალესტინის გათავისუფლების ეროვნული ფრონტის“ ბაზა მდებარეობს.