ლიბანი და „ჰეზბოლა“ აშშ-ის შეთავაზებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დათანხმდნენ
ლიბანი და „ჰეზბოლა“ დათანხმდნენ აშშ-ის შეთავაზებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ,- ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ალი ჰასან ხალილმა, პარლამენტის თავმჯდომარის, ნაბიჰ ბერის თანაშემწემ, განაცხადა, რომ ლიბანმა ორშაბათს წერილობითი პასუხი გადასცა ლიბანში აშშ-ის ელჩს.
„ლიბანმა წარმოადგინა საკუთარი განმარტებები დოკუმენტზე პოზიტიურ ატმოსფეროში. ყველა შენიშვნა, რომელიც წარვადგინეთ, ადასტურებს გაერო-ს 1701 რეზოლუციის ზუსტ დაცვას მისი ყველა დებულებით“,- აღნიშნა ალი ჰასან ხალილმა.
ეს კონკრეტული რეზოლუცია გაერო-მ 2006 წელს მიიღო, რამაც ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ომი დაასრულა. მისი პირობები მოითხოვს, რომ „ჰეზბოლას“ არ ჰყავდეს ჯარები ლიბან-ისრაელის საზღვარსა და მდინარე ლიტანს შორის.
როგორც „როიტერი“ წერს, ისრაელს კომენტარი ამ საკითხზე ჯერ არ გაუკეთებია.