ლია ტაბატაძე - მომსახურებები, რაც შშმ ბავშვებისთვის გვაქვს, საკმარისი არ არის
მომსახურებები, რაც შშმ ბავშვებისთვის გვაქვს, საკმარისი არ არის, – ამის შესახებ „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციისა“ და სოციალური საწარმო „ბაბალეს“ ხელმძღვანელმა, „სოციალური მეწარმეობის ალიანსის“ თანადამფუძნებელმა, ლია ტაბატაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„საკმარისი არ არის განსაკუთრებით, ადრეული განვითარების პროგრამის რაოდენობა, რადგან ქვეყანაში არის ძალიან ბევრი ბავშვი, ვინც ამ მომსახურებას ვერ იღებს. არის რეგიონები, სადაც მათთვის არანაირი მომსახურება, არანაირი თერაპია და რეაბილიტაცია არ არსებობს და მშობლებს ბავშვების თბილისში ჩამოყვანა უწევთ“, – განაცხადა ტაბატაძემ.
მისი თქმით, აუცილებელია, სახელმწიფოსთვის შშმ ბავშვების ადრეული ასაკი ყველაზე მეტად ყურადსაღები იყოს, რადგან ეს საბაზისო ასაკია, რომელზეც მათი მომავალი უნდა დაშენდეს.
„განსაკუთრებულად კრიზისული პირველი სამი წელია, როცა მათ ყველაზე მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ და კარგი იქნება, თუ ყველაზე მეტ ყურადღებას ამ მიმართულებით გაამახვილებენ. ვიცი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამაზე მუშაობს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“, – განაცხადა ტაბატაძემ.
როგორც ტაბატაძემ აღნიშნა, თბილისსა და რეგიონებში მშობლების თემთან ძალიან ხშირი შეხება აქვს და პირადად მისთვის ძალიან მძიმეა, როცა მათ ეუბნება, რომ ბავშვს ჯანმრთელობის ესა თუ ის მდგომარეობა აქვს და ესა თუ ის თერაპია სჭირდება, მაგრამ მშობელი ამას ვერასდროს შეასრულებს, რადგან სერვისი მისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
„ეს ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, ურთულესია, რადგან ვიცი, რომ სადღაც არის ბავშვი, რომელიც ამ ყველაფრის მიღმა რჩება“, – განაცხადა ტაბატაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართულობა, ლია ტაბატაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე არაერთი წელია მუშაობს და საზოგადოების ჩართულობა ყოველწლიურად იმატებს, რაც ძალიან სასიხარულოა.
„ამ ცვლილებებს დღითიდღე ვხედავთ და როცა შედარებას ვახდენთ, ამ მიმართულებით ძალიან წინ ვართ წასული“, – განაცხადა ტაბატაძემ.
ლია ტაბატაძემ ასევე თქვა, რომ სოციალური საწარმო „ბაბალე“ იმ მიზნით არის შექმნილი, რომ ხელი შეუწყოს შშმ პირების დასაქმებას, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებსაც ინტელექტუალური დარღვევები და ფსიქო–სოციალური საჭიროებები აქვთ, რადგან დასაქმებისკენ მიმართული სახელმწიფო პროგრამები ამ ადამიანებს, როგორც დასაქმების შესაძლებლობის მქონე პირებს პრაქტიკულად, არ განიხილავს.