ლია კრიალაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ დამნაშავე პარტიაა და უნდა გაქრეს პოლიტიკური ორბიტიდან, უნდა გასამართლდეს მისი თითოეული წევრი, რომელიც მაშინ მოქმედი იყო და დანაშაულებს ჩადიოდა
ლია კრიალაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ დამნაშავე პარტიაა და უნდა გაქრეს პოლიტიკური ორბიტიდან, უნდა გასამართლდეს მისი თითოეული წევრი, რომელიც მაშინ მოქმედი იყო და დანაშაულებს ჩადიოდა

მოვუწოდებ ახალგაზრდებს, ნუ წამოეგებიან იმ ანკესს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები უგდებენ ევროპის სახით. ეს არ არის ის ევროპა და ამერიკა, რომელიც ჩემს ახალგაზრდობაში იყო. ევროპა და ამერიკა ამ კაცთმოძულე, ადამიანის მოძულე კაცის მკვლელებს „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდნენ, როცა სისხლის კალოს ატრიალებდნენ აქ ისინი. შეეხნენ თითოეულ ოჯახს, თითოეული ოჯახი გაამწარეს, ისე არავინ დატოვეს, – ამის შესახებ 2009 წელს მოკლული პოლკოვნიკის, გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა განაცხადა.

ლია კრიალაშვილის თქმით, მოუწოდებს ხელისუფლებას, აჩვენონ ახალგაზრდებს იმის ამსახველი კადრები, რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს.

კრიალაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“ დამნაშავე პარტიაა და იგი პოლიტიკური ველიდან უნდა გაქრეს.

„მინდა, ხელისუფლებასაც მოვუწოდო, ახალგაზრდებს აუხსნან, აჩვენონ ის კადრები, რაც ნახეს იმ კასრებში, რაც ხდებოდა იმ ავად სახსენებელ წლებში და შეიგნონ ამ ახალგაზრდებმა, რომ ნუ გახდებიან მსხვერპლი. მეცოდებიან ის ახალგაზრდები და ის ადამიანები, ვინც დღეს „ნაციონალებს“, მათ სატელიტებს მხარში დაუდგებიან და ხმას მისცემენ. ძალიან ვთხოვ, თითოეულმა გაიაზროს თავისი პასუხისმგებლობა, ვისი მოსვლა უნდათ ხელისუფლებაში. მართალია, ისინი ხელისუფლებაში ვეღარასოდეს დაბრუნდებიან, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველამ აღიარა, რომ დამნაშავე პარტიაა და ის უნდა ამოიძირკვოს, გაქრეს პოლიტიკური ორბიტიდან, მაგრამ არა მარტო პარტია, არამედ უნდა გასამართლდეს მისი თითოეული წევრი, რომელიც მაშინ მოქმედი იყო და ამ სისხლის სამართლის დანაშაულებს ჩადიოდა. ძალიან მტკივა გული ამ ხელისუფლებაზეც, რადგან დღემდე თაროზეა ჩემი ძმის საქმე შემოდებული, როდემდე შეიძლება ლოდინი, არ ვიცი. ბატონ ბიძინას მინდა, მივმართო, მესმის, რომ გარე ძალები ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის საქმეში და მათ გამო თავს იკავებდნენ, იქნებ ახლა მაინც შეგვისრულოს ის დანაპირები, რასაც 29 აპრილს დაგვპირდა ბატონი ბიძინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაასამართლებენ. ხალხი ისევ მას შესცქერის იმედის თვალით“, – განაცხადა ლია კრიალაშვილმა.