ლია გოლიაძე - ვერ ვიტყვი, რომ ეს არის კორონავირუსის მეორე ტალღა, აქამდე რაღაც წვეთები გვქონდა, ტალღა კი ახლა დაიწყო
ლია გოლიაძე - ვერ ვიტყვი, რომ ეს არის კორონავირუსის მეორე ტალღა, აქამდე რაღაც წვეთები გვქონდა, ტალღა კი ახლა დაიწყო

ვერ ვიტყვი, რომ ეს არის მეორე ტალღა, ჩვენ აქამდე რაღაც წვეთები გვქონდა, ტალღა კი ახლა დაიწყო, – განაცხადა ინფექციონისტმა ლია გოლიაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ტალღაში ჩვენ ახლა ვართ და თუ არ გვინდა, ტაიფუნმა და ცუნამმა წაგვიღოს, ამისთვის როგორმე უნდა შევამციროთ პაციენტების რაოდენობა. ვიცი, რომ ეს ძალიან დიდი მატერიალური ზარალია, რაც შეიძლება, ქვეყანას „ლოკდაუნმა“ მოუტანოს, მაგრამ მერწმუნეთ, ადამიანური ტრაგედიები ყოველგვარ მატერიალურ ზარალზე მეტია“, – განაცხადა გოლიაძემ.

მისი თქმით, ნაკადების ზრდის გამო პროცესში ისეთი კლინიკები ჩაერთო, რომლებიც მძიმე პაციენტების მართვაზე გათვლილი არ არის და თუ პაციენტების ნაკადი დიდი იქნება, ქვეყანა ნამდვილად დადგება კატასტროფის წინაშე.

„დავდგებით, ნამდვილად დავდგებით. იმიტომ, რომ შესაბამისი არ გვაქვს არაფერი“, – განაცხადა გოლიაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მიიღწევა ეფექტი დაწესებული რეგულაციების შედეგად, ლია გოლიაძემ განაცხადა, რომ დღევანდელი გავრცელების პირობებში რეგულაციების შემოღება დაავადებულთა რიცხვს ალბათ შეამცირებს და ჯანდაცვის სისტემას საშუალებას მისცემს, მოხდეს პაციენტების კლინიკებში მიღება და ვისაც სტაციონარული მკურნალობა სჭირდება, შესაბამისი დახმარება გაეწიოს.

„პაციენტების იმ ნაკადს, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ნამდვილად ვერ გაუძლებს. ამას ჩვენნაირი ქვეყანა კი არა, ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს, გაცილებით მაღალი ეკონომიკისა და გაცილებით მაღალგანვითარებული სამედიცინო სერვისების მქონე“, – განაცხადა გოლიაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, უთქვამს თუ არა უარი მძიმე პაციენტების მიღებაზე, ლია გოლიაძემ განაცხადა, რომ უთქვამს, რადგან კლინიკაში, სადაც მუშაობს, რეანიმაციული განყოფილება გადაჭედილია და თუ მძიმე პაციენტისთვის ამ განყოფილებით სარგებლობის შესაძლებლობა არ არის, მის მიღებას აზრი ეკარგება.

„უკვე ძალიან ხშირად მირეკავენ, რეანიმაციის ადგილი თუ გაქვთო. ვეუბნები, რომ არ მაქვს და სადაც იპოვით, იქ მიიყვანეთთქო. არჩევის დრო და საშუალება აღარ არის. თუ პაციენტი რეანიმაციულია, რეანიმაციის ადგილი სადაც იქნება, იქ უნდა წავიდეს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც პაციენტები თბილისიდან ხაშურში წაუყვანიათ“, – განაცხადა ლია გოლიაძემ.