ლია გიგაურმა სემინარის „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები“ მონაწილე სტუდენტებს სიტყვით მიმართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა, ლია გიგაურმა სემინარის „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები“ მონაწილე სტუდენტებს სიტყვით მიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტები ესწრებოდნენ, ლია გიგაურმა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობასა და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა აქვს. მან ხაზი გაუსვა ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირების მნიშვნელობას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, განიხილა მათი ჩართულობის როლი და შესაძლებლობები შერიგების პროცესსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, რომელიც დიდწილად მიმართულია ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ. ლია გიგაურმა ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მადლობა გადაუხადა ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის.
ახალგაზრდებს ასევე სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე კრისტოფერ ანდერსონმა.
ერთდღიანი სემინარის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ, ინფორმაცია მიეღოთ ნატო-ს დაარსების გარემოებებზე, მის ამოცანებსა და მიზნებზე, ნატო-ს როლზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკასა და თანამშრომლობის მექანიზმებზე, ევროკავშირის ისტორიულ განვითარებაზე, ასოცირების შეთანხმებასა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. ახალგაზრდებმა სემინარზე ასევე ინფორმაცია მიიღეს ანტიდასავლური პროპაგანდის ძირითად მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდებსა და გამოწვევებზე.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.