ლია გიგაური - თითოეული ტრაგედია მიგვანიშნებს, დავფიქრდეთ, რა გვაქვს გასაკეთებელი, რომ არც ერთი მოსწავლის სიცოცხლე არ დადგეს საფრთხის წინაშე
თითოეული ტრაგედია კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, დავფიქრდეთ, რა გვაქვს გასაკეთებელი, რომ არც ერთი მოსწავლის სიცოცხლე არ დადგეს საფრთხის წინაშე, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა შენობიდან მოზარდის გადმოვარდნის თემის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავია.
„შესაბამისად, სკოლა, მასწავლებელი და განათლების სისტემა მზად არის და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია რისკებისა და საფრთხეების შესახებ როგორც მოსწავლეებს, ასევე, მშობლებს, მასწავლებლებს“, – განაცხადა გიგაურმა.
მისი თქმით, ინფორმირება ხდება რისკების აცილებისა და მისგან დაცვის მიზნით.
„მაქსიმუმი კეთდება ამ მიმართულებით. თუმცა თითოეული შემთხვევა და ტრაგედია გვიწვევს იმისკენ, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რა გვაქვს კიდევ გასაკეთებელი იმისთვის, რომ არც ერთი მოსწავლის სიცოცხლე არ დადგეს საფრთხის წინაშე.
განათლების სისტემაში ერთადერთი მექანიზმი გახლავთ პრევენცია. პრევენცია გულისხმობს ინფორმაციის მიწოდებას რისკების შესახებ“ განაცხადა ლია გიგაურმა.
მისი თქმით, დაგეგმილია ციფრული მოქალაქეობის კურსის დამატება, რომელიც ინტეგრირებული იქნება სამოქალაქო განათლების კურსში საბაზო საფეხურზე. უახლოეს ხანში დამტკიცდება ახალი ეროვნულ სასწავლო გეგმა და დაიწყება შესაბამისი სახელმძღვანელოს შექმნაც.
„ასევე, ჩვენ ამ რისკებისგან დასაცავად სპეციალური კურსები გვაქვს ინტეგრირებული, როგორც სამოქალაქო განათლების ნაწილში, ასევე, საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების მიმართულებით. ეს რისკები მოიტანა თანამედროვეობამ, ამიტომ, გაცნობიერებული უნდა გვქონდეს, მაგრამ მხოლოდ მოსწავლის გაცნობიერება არაა საკმარისი, აუცილებელია საზოგადოებისა და მშობლისთვისაც. ციფრული მოქალაქეობის პროგრამა ორიენტირებულია იმაზე, რომ ციფრულ სამყაროში ვიცოდეთ როგორც ჩვენი უფლებები, ასევე, პასუხისმგებლობები, რომელიც გვაკისრია“, – განაცხადა ლია გიგაურმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე აღნიშნული კომენტარით გუშინ მოზარდის შენობიდან გადმოვარდნის ფაქტს გამოეხმაურა, რაც საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, ე.წ ლურჯი ვეშაპის ონლაინ-თამაშს უკავშირდებოდეს.