ლგბტ პირის მიმართ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებული სასამართლო დარბაზში დააკავეს
ლგბტ პირის მიმართ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებული სასამართლო დარბაზში დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლის მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის გამო ჩადენილი ცემისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) გათვალისწინებული შედეგი, ავთანდილ გ.-ს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისთანავე, ბრალდებული სასამართლო სხდომის დარბაზიდან აიყვანეს.

ბრალდებულმა სადავოდ არ გახადა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ჩადენილი დანაშაული აღიარა.

სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გამომდინარე, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტი დაზარალებულის ლგბტ თემისადმი კუთვნილების გამო წარმოიშვა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულის მხრიდან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ტრანსგენდერი ქალის ცემა მიზნად ისახავდა დაზარალებულის მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 120-დან 140 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე.