ლევან ყურაშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ არაპარტიულ პრემიერობის კანდიდატს და ნებისმიერ პუნქტს, რომელზეც ქარტიაშია საუბარი
ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ პუნქტს, რომელზეც საუბარია ქარტიაში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ წარმომადგენელმა, ლევან ყურაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „არჩევნები 2024“ განაცხადა.
„ახლა, მთავარია, რომ დაწყებულია მოლაპარაკებები. რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი პარტია ვერ მოვა ძალაუფლებაში, ამიტომ დაგვჭირდება კოალიცია, კოალიციური შეთანხმება იმ პუნქტებზე, რაც ქარტიაშია გაწერილი. ამ ქარტიაზე ხელი მოწერილი აქვს ძირითად მოთამაშეებს, მთავარ პარტიებს და იმედი მაქვს, ყველა ისევე აქტიურად ჩაერთვება ამ ქარტიის განხორციელებაში, როგორც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ არის მოწადინებული და აპირებს შესრულებას. ამაზე პრეზიდენტთან იქნება მოლაპარაკება. ჩვენ მხარს ვუჭერთ არაპარტიულ პრემიერობის კანდიდატს და ქარტიის ყველა პუნქტს, მათ შორის იმას, რომ ამ ძირითადი რეფორმების, მათ შორის საარჩევნო რეფორმის განხორციელების შემდეგ, ჩვენ მზად ვართ, მანდატები დავტოვოთ და ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები უკვე სამართლიან გარემოში. ახლა რა სიტუაციაც არის, ეს არ არის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. შემდეგ არჩევნებში ყველა დამსახურების მიხედვით იმდენ ხმას, როგორც ამომრჩეველი დაუჭერს მხარს. ასე რომ, დიახ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ პუნქტს, რომელზეც საუბარია ამ ქარტიაში“, – განაცხადა ყურაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ განვითარდება მოვლენები იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პარტია უარს იტყვის მანდატის დათმობაზე და რა მოცემულობა დგება ასეთ პირობებში, ლევან ყურაშვილმა განაცხადა, რომ ეს ძალიან შორს მიმავალი პერსპექტივაა და ტექნიკურ დეტალებში შესვლას საჭიროებს.
„აქ საუბარია იმაზე, რომ კოალიცია თუ შეიკრა და შემდეგ კოალიციის რომელიმე წევრი არ თანხმდება რიგგარეშე არჩევნებს, ამ შემთხვევაში კოალიცია იშლება, არის პოლიტიკური კრიზისი და რიგგარეშე არჩევნები ბუნებრივად ტარდება, რადგან არ იქნება უმრავლესობა. ანუ, ერთ და მეორე შემთხვევაშიც რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალი იქნება“, – განაცხადა ყურაშვილმა.
შეკითხვაზე, რა პრინციპებსა და ღირებულებებს ეფუძნება „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ საგარეო ვექტორი, ყურაშვილმა განაცხადა, რომ კოალიციის ძირითადი მიზანია, 2030 წელს საქართველოს ყველა მოქალაქის ჯიბეში იდოს მსოფლიოს ყველაზე ძლიერი კავშირის, ევროკავშირის პასპორტი, ეს პასპორტი 2030 წელს საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება ჯიბეში და გზა ყველას ექნება ხსნილი ნებისმიერი მიმართულებით დედამიწის გარშემო, ყველაზე ძლიერი პასპორტით.
„ჩვენი მიზანი ასევე არის, უფრო მეტად მჭიდრო ურთიერთობები გვქონდეს აშშ-თან, მათთან გვქონდეს უვიზო მიმოსვლა, რაც არის გათვალისწინებული „მეგობარი აქტით“; ასევე გვქონდეს თავისუფალი ვაჭრობა, რომლის შეთანხმებაზეც არის ლაპარაკი და მხარს გვიჭერენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები. ჩვენ გვჭირდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით განვითარება და ახალი ბაზრების გაჩენა, მათ შორის, ჩინეთის ბაზრის გახსნაც, თავისუფალი ვაჭრობა, როგორც ჩინეთთან, ასევე აშშ-სთან და ევროკავშირთან. ჩვენ ვიქნებით ამით მსოფლიოში მხოლოდ მეხუთე ქვეყანა, ვისაც ამ დიდ სამ ბაზარზე ექნება წვდომა“, – განაცხადა ლევან ყურაშვილმა.