ლევან ყენიამ თბილისის „ლოკომოტივი“ დატოვა და კარიერას ლუქსემბურგის მოქმედ ჩემპიონ „დუდელანჟში“ გააგრძელებს.
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი „ლოკომოტივში“ 2017 წლის მაისში, პრაღის „სლავიადან“ დაბრუნდა. ერთწლიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ, 28 წლის ფეხბურთელმა ეროვნულ ლიგაში 2018 წლის 21 ივნისს, „კოლხეთი 1913“-ის წინააღმდეგ ითამაშა, სულ კი გუნდის ფორმა სამჯერ მოირგო.
ლევან ყენია გუნდს დაემშვიდობა და ტრანსფერზე და ყოფილ კლუბზე კომენტარი გააკეთა.
„რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, მინდა კვლავ ევროპაში მოვსინჯო ძალები. „ლოკომოტივი“ კი იყო და რჩება ჩემთვის პირველ კლუბად და დარწმუნებული ვარ, მას კვლავ დავუბრუნდები. მადლობას ვუხდი კლუბის ხელმძღვანელებს, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, სამედიცინო შტაბს და კლუბის სტაფს. ამ პერიოდის მანძილზე, „ლოკო“ გვერდში დამიდგა. მინდა ეროვნული ლიგის დარჩენილ თამაშებში გუნდს წარმატება ვუსურვო“ – ამბობს ლევან ყენია.