ლევან ვეფხვაძე - მე წარმოვადგენ ენერგეტიკულ სექტორს და გულწრფელად ვამბობ, ჩვენს ინდუსტრიაზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლები არ ხორციელდება
კომპანია „ჯი აი ჯის“ გენერალურმა მრჩეველმა პრემიერისა და ბიზნესასოციაციის წევრებს შორის გამართულ შეხვედრამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ლევან ვეფხვაძის თქმით, ინდუსტრიაზე, რომელსაც ის წარმოადგენს, ხელისუფლების მხრიდან არანაირი ზეწოლა არ ხორციელდება,
„მე წარმოვადგენ ენერგეტიკულ სექტორს და მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ჩვენს ინდუსტრიაზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლები არ არის და იმედი გვაქვს, არც იქნება. თუ ვინმეს აქვს რაიმე ტიპის ინფორმაცია, ჩვენ არ გვაქვს“,-განაცხადა ლევან ვეფხვაძემ და იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე იქნება განხილული.
„მიგვაჩნია, რომ ზოგადად, ენერგეტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა. თვიდან თვემდე მოხმარება კატასტროფულად იზრდება. ჩვენი მიზანია, მთავრობასთან ერთად ვიმუშაოთ, თუ როგორ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას. საუბარია იმაზე, რომ მხოლოდ კარგი კლიმატი და თავისუფალი საინვესტიციო გარემო საკმარისი არ არის. აქ გვჭირდება მთავრობისა და კერძო ბიზნესის ინტენსიური მუშაობა, რომ ინვესტიციები იყოს შემდგარი და ეკონომიკურად მიზანშეწონილი. იქიდან გამომდინარე, რომ ენერგეტიკა არის გრძელვადიანი, ათწლეულების ინვესტიცია, თუ არ ექნება ინვესტორს გარანტია, რომ მისი აშენებული ჰესით წარმოებულ ელექტროენერგიას გაყიდის, ბუნებრივია, ინვესტიციას არ განახორციელებს. ამიტომ ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი საინვესტიციო გარემო, რომ ინვესტორებს ჰქონდეთ ძალიან დიდი მოტივაცია, სწორედ ეს არის საკითხი, რომლის დაყენებასაც ჩვენ ვაპირებთ პრემიერთან. საჯარო და კერძო თანამშრომლობა არის გარანტი იმისა, რომ იქნება სწორი საინვესტიციო გარემო ენერგეტიკის მიმართულებით“,-განაცხადა ვეფხვაძემ.