ლევან ვეფხვაძე - ეროვნული ვალუტის გაუფასურება მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში მშპ-ის ზრდას 0,5-1.5 პროცენტით ამცირებს
ხშირად ისმის მოსაზრება, რომ ლარის გაუფასურება ექსპორტიორებს უნდა უხაროდეთ, რადგან ეროვნული ვალუტის გაუფასურება ექსპორტს ახალისებს, მაგრამ ასე არ არის, რადგან საქართველოს ტიპის მცირე, დოლარიზებულ ეკონომიკაში ეროვნული ვალუტის გაუფასურება მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას 0,5-1.5 პროცენტით ამცირებს, – ამის შესახებ ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.
გადაცემაში საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა განიხილეს, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს გუშინ შეხვედრაზე გააცნო.
ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ და გადაცემის თანაწამყვანმა ლევან კალანდაძემ აღნიშნა, რომ ქართული ბიზნესის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას მაინც ლარის გაუფასურება და ზოგადად, ეროვნული ვალუტის სტაბილურობის საკითხი წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, კალანდაძე დაინტერესდა, რამდენად ადეკვატურად აღიქვამს ეკონომიკის სამინისტრო ლარის სტაბილურობის საკითხს და როგორ ახდენს ვალუტის კურსის მიმართ მოლოდინების ფორმირებას.
ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკის სამინისტრო სავსებით აცნობიერებს ეროვნული ვალუტის სტაბილურობის მნიშვნელობას, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში მას კურსზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. მისი შეფასებით, მცდარია მიდგომა, თითქოს ეროვნული ვალუტის გაუფასურება ექსპორტს ხელს აძლევდეს და მხოლოდ იმპორტიორებისთვის იყოს წამგებიანი.
„იმპორტიორებსა და ექსპორტიორებს ძალიან ხშირად ყოფენ და მიიჩნევა, თითქოს ექსპორტიორები ლარის გაუფასურებით ბედნიერი უნდა იყვნენ, მაგრამ ეს ასე არ არის. პატარა, დოლარიზებული ეკონომიკა გვაქვს და ბიზნესი მისთვის საჭირო ფინანსურ კაპიტალს დოლარში ან ევროში იზიდავს. შესაბამისად, ლარის კურსის ცვლილება ერთ ნაწილში ექსპორტიორს ხეირს აძლევს, მაგრამ მეორე მხრივ, ფინანსური ვალდებულებები, რაც დოლარში აქვთ, გასასტუმრებელია. მათი მდგომარეობა უკეთესია იმით, რომ პოზიციები გადაზღვეული აქვთ და მოგება-წაგება უფრო დაბალანსებულია. თუმცა საბოლოო ჯამში, არ მგონია, ლარის გაუფასურება მათთვის რამე განსკუთრებული ხეირი იყოს. ეს მცირე, დოლარიზებული ეკონომიკებისთვის თავის ტკივილად მიიჩნევა. 50 წლიანი კვლევა არსებობს, რომლის ანალიზიც ეკონომიკის ბევრ სახელმძღვანელოში დევს, თუ როგორ აფერხებს ეროვნული ვალუტის გაუფასურება ეკონომიკის განვითარებას მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში. ვალუტის გაუფასურება დაახლოებით 0.5-დან 1,5 პროცენტამდე აკლებს მშპ-ს“, – განმარტა ლევან ვეფხვაძემ.
მისი შეფასებით, შეუძლებელია, ეკონომიკის სამინსტრო ლარის კურსის სტაბილურობით დაინტერესებული არ იყოს.
„ისინი ხვდებიან, რომ საბოლოო ჯამში, ეს ეკონომიკაზე აისახება, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არ არის ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია, ლარზე მოკლევადიანი გავლენა მოახდინოს. რაც შეეხება გრძელვადიან გავლენას, ეს არის ექსპორტის მხარდაჭერა. აღნიშნული გუშინდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ითქვა. ამ კუთხით პროგრამა „აწარმოე საქართველო“ აქტიურად არის ჩართული. მისი ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ექსპორტის მხარდაჭერაა. ექსპორტ-იმპორტის დინამიკაში ძალიან კარგი მაჩვენებელია, ექსპორტი იმპორტთან შედარებით იზრდება. ამ კუთხით რა შემოთავაზებებიც იყო პრივატიზაციასთან, ახალი ბიზნესის ამუშავებასთან დაკავშირებით და ა.შ. ეს ქმნის პერსპექტივას ექსპორტისა და ლარის კურსის გამყარებისთვის“, – განმარტა ლევან ვეფხვაძემ „ბიზნესპარტნიორში“.