ლევან ვეფხვაძე - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, რათა გავაცნოთ ძირითადი განწყობები, რომელიც წარმოდგენილი გვაქვს ოთხი-ხუთი წლის ჭრილში
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, რათა გავაცნოთ ძირითადი განწყობები, რომლებიც წარმოდგენილი გვაქვს ოთხი-ხუთი წლის ჭრილში, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ კონფერენციის – „საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები“ დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ბიზნესის ინდექსი, ჩვენი ასოციაციის ინდექსი, თავის მხრივ, მოიცავს როგორც ბიზნესის კეთების ინდექსს, ასევე ბიზნესის კლიმატს, საინვესტიციო კლიმატს, მოიცავს დასაქმების ბარომეტრს. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია, ხელის შემშლელი ფაქტორები დინამიკაში დავინახოთ, თუ სად ვართ ახლა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, პრემიერს ჰქონდეს ინფორმაცია galt&taggart-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე და ეს არის მაკროეკონომიკური ძირითადი მონაცემების სექტორული ანალიზი. ექვსი ძირითადი სექტორის ანალიზი იქნება წარმოდგენილი. შემდეგ იქნება პანელური დისკუსია, სადაც მთავრობის წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები გააანალიზებენ იმ პრობლემებს, რომლებიც, მათი თვალთახედვით, არის დღეს ეკონომიკაში ან ის მიღწევები იქნება ხაზგასმული, რაც დღეს ეკონომიკაში ქვეყანას აქვს“, – აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, რაც შეეხება გამოწვევებს, ადრე, სამი-ოთხი წლის წინ თუ ლარის კურსი იყო გამოწვევა, პროდუქციის გაყიდვის პრობლემა და ა.შ. დღეს სხვა ტიპის პრობლემებია.
„ეს პრობლემა ორ ჯგუფად არის დაყოფილი. პირველი ეს არის სამუშაო ძალასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც ყველას აწუხებს დღეს ქვეყანაში, პროფესიულ კადრებზე ხელმისაწვდომობა და მეორე არის ის ადმინისტრაციული წნეხი, რომელიც რეგულაციებიდან მოდის, თუმცა ესეც გასაგებია, რომ არის ახალი ტიპის, ევროპული რეგულაციები, და ამ კუთხით იქნება ჩვენი თხოვნა, მეტად იყოს ბიზნესი ჩართული რეგულაციებში. ბოლო რამდენიმე წელია, მიღებული გვაქვს ევროპული რეგულაციები, ჯამში, 40 დირექტივა. ამ დირექტივიდან გამომდინარე, არის სტანდარტები და ამ სტანდარტების ადაპტაციას სჭირდება ბიზნესის შეგუება და, გარკვეულწილად, მეტი კომუნიკაცია მთავრობასთან“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით კონფერენცია იმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მთავრობის წევრებიც ესწრებიან.