ლევან ვასაძე - გარე ძალები საქართველოს მიერეკებიან გლობალისტების ორგანიზაციაში, ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხი შეასკდეს სახელმწიფოს და დაიწყოს ქვეყანაში არეულობა
წყნარ, მშვიდ რეჟიმში ვილოცებთ და ვეცდებით, ამ კვირამ ჩაიაროს მშვიდობიანად, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ვერის პარკში განაცხადა.
როგორც ლევან ვასაძემ აღნიშნა, გარე ძალები საქართველოს მიერეკებიან გლობალისტების ორგანიზაციაში და ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხი იქცეს ბრბოდ, შეასკდეს სახელმწიფოს, დაიწყოს ქვეყანაში სისხლის ღვრა, არეულობა.
„ჩვენ ყველანი ვლოცულობდით და ვფიქრობდით, რა შეიძლება გავაკეთოთ, რათა ეს არეულობა ავიცილოთ თავიდან. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ფიანდაზად უნდა დავეფინოთ ამ სიტუაციას, გავწიროთ ჩვენი თავი. კარგად გვესმოდა, რომ ამის სანაცვლოდ სწორედ ჩვენ დაგვარქმევენ ექსტრემისტებს, ფაშისტებს, მოძალადეებს, ჩვენ დაგვცინებენ, ჩვენ ოჯახის წევრებს შეურაცხყოფენ და ის სიმწარე, უსამართლობა, დაცინვა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა გადავინატეთ, მარტო ჩვენ ვიცით. ჩვენ ეს არ გვაშინებს. ყველას მინდა ვუთხრა, ვინც ჩვენ გვაკრიტიკებდა, შეურაცხყოფას გვაყენებდა და გვაყენებს, თავს იმართლებდა, რატომ არ შემოგვიერთდა, ეს არ გვწყინს, ჩვენ არ ვართ თქვენს მიმართ სიძულვილით განწყობილი. მადლობა ნებისმიერი კრიტიკისთვის, რამდენადაც თქვენ არ ხართ გარყვნილებისა და სიძულვილის მომხრე, ჩვენ თქვენც გვიყვარხართ და თქვენთვისაც ვლოცულობთ. არავინ იფიქროს, რომ ის ფურთხი და შეურაცხყოფა, რომელიც ჩვენ ავიტანეთ ამ დღეებში, ამ არეულ-დარეული საზოგადოების წევრების მხრიდან, ჩვენში იწვევს რამეს, გარდა სიმშვიდისა და მზაობისა, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი საქმე“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
მისივე თქმით, მუშაობის სტილი არის უკიდურესად კორექტული, მშვიდი, წყნარი, მომთმენი და თუ ერთ კვირის განმავლობაში მაინც იქნება ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაციები, ამას გაეცემა შესაბამისი პასუხი.
„თუკი ჩემი სამშობლო ჩათვლის, რომ ჩემს ქმედებაში არის რაიმე ანტისახელმწიფობრივი და რაიმე მიმართული ჩემი სამშობლოს წინააღდეგ, ჩემი სინდისი, გული სუფთაა და მზად ვარ, პასუხი ვაგო ჩემი სამშობლოს წინაშე. მე ჯერ არ ვარ დაბარებული შსს-ში და თუ ჩვენი შსს მოინდომებს ჩემს დაკითხვას, ნებისმიერი ფორმით გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ჩემს მიმართ, მე როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, ვითანამშრომლებ მათთან, რათა ქვეყანაში იყოს სიმშვიდე. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. თუ საჭიროა, დავიხოცებით და ქვეყანაში არ დავუშვებთ გარყვნილების პარადს, მაგრამ ვლოცულობთ, რომ ეს არ მოხდეს, არავითარი პოლიტიკური ამბიცია არ მამოძრავებს. კაცი უნდა იყო გიჟი, რომ გინდოდეს, რაც მე გადავიტანე და რასაც მე გადავიტან ამ დღეებში. ამაში არაფერია, გარდა სამშობლოს სიყვარულისა“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.