ლევან ვარშალომიძე ამბობს, რომ ბათუმის საარჩევნო უბნებიდან მათი დამკვირვებლები გააძევეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ვარშალომიძე ამბობს, რომ ბათუმის საარჩევნო უბნებიდან მათი დამკვირვებლები გამოაძევეს და ცესკო-ს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„09:00 საათისთვის უბნებიდან ჩვენი რამდენიმე დამკვირვებელი გამოუშვეს. მივმართავ ცესკო-ს, თუ ჩვენი დამკვირვებლების გარეშე უნდათ არჩევნების ჩატარება, განაცხადონ, მაგრამ ძალიან ბევრნი ვართ და ჩვენს ხმებს დავიცავთ, ხალხს აქტიურობისკენ მოვუწოდებთ”, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
ვარშალომიძეს ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პასუხობს.
“მხოლოდ ორი შემთხვევა იყო. მე-13 და მე-17 უბნებიდან გააძევეს დამკვირვებლები, შესაბამისი ოქმის საფუძველზე. ისინი შეგნებულად ხელს უშლიდნენ საარჩევნო პროცესს. ეს გადაწყვეტილება კი კანონის მოთხოვნაა”, – განაცხადა ციალა შავაძემ.