ლევან თოფაძის საქმის პროკურორი - ბრალდებულს სხეულზე გარკვეული დაზიანება აღენიშნება, ჩასატარებელია ექსპერტიზა
სხეულზე აღენიშნება გარკვეული დაზიანება, თუმცა ჩასატარებელია ექსპერტიზა და დაზიანების ხარისხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ლევან თოფაძის საქმის პროკურორმა თამარ ყურჯანიშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც პროკურორი აცხადებს, გამოძიება საწყის ეტაპზეა, თუმცა იმ სტანდარტის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც აუცილებელია, რომ პირს წაეყენოს ბრალდება, სახეზეა.
„პროკურატურამ წარუდგინა ბრალდება ბ.ჟ -ს ლ.თ -ს მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. ბრალდება დაკვალიფიცირებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19/108 მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7-15 წლამდე ითვალისწინებს. რაც შეეხება მოცემულ შემთხვევას, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარე შუამდგომლობდა სასამართლოს წინაშე ბრალდებული ბ.ჟ -ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, ვინაიდან საქმის მასალები, ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ ეტაპზეა მოპოვებული რა თქმა უნდა, ბრალდების მხარის მიერ იძლევა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და აგრეთვე, რაც მთავარია ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, სასამართლოს მიერ იქნა გაზიარებული ბრალდების მხარის დასაბუთება. შესაბამისად ბრალდებულის მიმართ იქნა გამოყენებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით. გამოძიება არის საწყის ეტაპზე. თუმცა იმ სტანდარტის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც აუცილებელია, რომ პირს წაეყენოს ბრალდება, ამ შემთხვევაში ნამდვილად სახეზეა. აქ საუბარია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე, საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოღებულ მტკიცებულებებზე, მოწმეთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციებზე და ა. შ. მოტივს რაც შეეხება გარკვეული დეტალებია დასაზუსტებელი იმისთვის, რომ არ მოგაწოდოთ არასწორი ინფორმაცია. სხეულზე აღენიშნება გარკვეული დაზიანება, თუმცა ჩასატარებელია ექსპერტიზა და დაზიანების ხარისხთან დაკავშირებით შემდგომ გაგცემთ პასუხს“,- განაცხადა პროკურორმა.
ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ბუსა ჟვანიასთვის ბრალდების მხარე პატიმრობას მოითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე 50 ათას ლარიან გირაოს.
სამართალდამცველებმა ბუსა ჟვანია 2020 წლის 2 აგვისტოს დააკავეს. ჟვანიას ბრალდება წარედგინა განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.