თბილისში ლევან თოფაძის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ბუსა ჟვანია დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ბ.ჟ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა ბ.ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.