ლევან თევზაძის თქმით, მისი ამბიცია, გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ჯანსაღია
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20-კაციან სიაში მოხვედრის მოლოდინი რომ არ მქონდეს, აქ არ ვიქნებოდი,- ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ლევან თევზაძემ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თევზაძეს მიაჩნია, რომ მისი ამბიცია უზენაესი სასამართლოს წევრობასთან დაკავშირებით ჯანსაღია. თევზაძის განმარტებით, ამის თქმის საფუძველს მისი წარსული გამოცდილება აძლევს.
„დანარჩენი ჯერი არის იუსტიციის საბჭოზე და შემდგომ, საქართველოს პარლამენტზე. რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ვალდებული ვიქნები, დავემორჩილო ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ლევან თევზაძემ.
რაც შეეხება კითხვას, განიხილავს თუ არა საკუთარ თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, ლევან თევზაძე პასუხობს, რომ ამ ეტაპზე არ განიხილავს აღნიშნულ პოზიციაზე შემოთავაზებას.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის, ლევან თევზაძის გასაუბრება დასრულდა. თევზაძის შემდეგ საბჭოს წევრთა კითხვებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ილონა თოდუა პასუხობს.