ლევან თევზაძე - კვლევები და ციფრები ყველაფერზე მეტყველებენ, 2008 წლის სასამართლო არ გვჭირდება, არა „ვეტინგს“
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ლევან თევზაძის განცხადებით, კვლევები აჩვენებს, რომ დადებითადაა შეფასებული საქართველოს სასამართლო სისტემაში პროგრესი, აგრეთვე, სამართლის უზენაესობის 2020 და 2021 წლების ინდექსით, საქართველო რეგიონში ლიდერობს სასამართლო სისტემაში კორუფციის არარსებობის მაჩვენებლით.
როგორც ლევან თევზაძე სოციალურ ქსელში წერს, ეს შედეგები იმ რეფორმებისა და სამასი მოსამართლის დამსახურებაა, რომლებიც კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად ასრულებენ სამსახურებრივ უფლებამოსილებას.
„არასტაბილური და არაჯანსაღი გარემო სასამართლო სიტემაში ნამდვილად საფრთხეს უქმნის მოსამართლის დამოუკიდებლობას!
მაშინ როდესაც:
მსოფლიოს მართლმსაჯულების პროგრამის სამართლის უზენაესობის 2020 და 2021 წლების ინდექსით (WJP Rule of Law Index), სამართლის პრაქტიკოსების, ექსპერტებისა და აკადემიის წარმომადგენლების გამოკითხვის საფუძველზე, საქართველო რეგიონში ლიდერობს როგორც მთლიანად სასამართლო სისტემაში, ისე კონკრეტულად სისხლის სამართლის სიტემაში კორუფციის არარსებობის მაჩვენებლით, პირველია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოთა შორის (იხ ბმული rule-of-law-index);
კავკასიის კვლევითი რესურს ცენტრის (CRRC) მიერ 2021 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბიზნესი ნდობას უცხადებს სასამართლო სისტემას. ბიზნესორგანიზაციების უმრავლესობას პოზიტიური დამოკიდებულება აქვს სასამართლოს მიმართ და დადებითად აფასებს როგორც სასამართლოების მუშაობას, ისე მოსამართლეთა კომპეტენციას და დამოუკიდებლობას (იხ. ბმული: Views of businesses on the Court);
2021-2022 წლებში გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) ანტიკორუფციული შეფასების მეოთხე ანგარიში, რითიც დადებითად შეფასდა საქართველოს სასამართლო სისტემაში პროგრესი რეკომენდაციათა შესრულების თვალსაზრისით;
„ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით ქართული სასამართლო სისტემა ეფექტიანია“ – ხაზგასმითაა აღნიშნული ევროპის საბჭოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების“ წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის ( MONEYVAL) მიერ;
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2009 წელს საქართველოს წინააღმდეგ წარმართული საჩივრების რაოდენობა უტოლდებოდა 4049-ს, მაშინ როდესაც 2023 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 185 საჩივრამდე შემცირდა;
2009-12 წლებში გამართლებულ პირთა რაოდენობა 208-ს აღწევდა, მაშინ როდესაც 2020-23 წლებში 2392 პირი გამართლდა;
2009-2012 წლებში ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ დავა გადაწყდა 21 პროცენტის შემთხვევაში, 2020-23 წლებში – 28 პროცენტის;
ბევრს აღარ გავაგრძელებ… ეს შედეგები იმ რეფორმების და იმ სამასი მოსამართლის დამსახურებაა, რომლებიც კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად ასრულებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას.
კვლევები და ციფრები ყველაფერზე მეტყველებენ! ვინც ამ შედეგებში კორუფციას ხედავს, დაე, დაინახონ! 2008 წლის სასამართლო არ გვჭირდება! არა „ვეტინგს!!!““ – წერს ლევან თევზაძე.