ლევან თარხნიშვილი - ვიმუშავებთ პარტნიორებთან, რომ გაიზარდოს საგარეო წნეხი „ქართულ ოცნებაზე“ და მათ ლიდერებზე
დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოპოზიციური ერთობა შენარჩუნებულია, ბოიკოტის რეჟიმი გრძელდება, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა, რომელიც „ლეიბორისტების“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეკრებაზე იმყოფებოდა.
თარხნიშვილის თქმით, 15 მაისის აქცია ძალაშია და შეხვედრაზე საუბარი იყო ამ აქციასთან დაკავშირებით.
„იქნება გასვლები რეგიონებში, აგრეთვე გათვალისწინებულია გარკვეული აქციები თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში. გარდა ამისა, პარალელურ რეჟიმში იქნება მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, რომ გაიზარდოს საგარეო წნეხი „ქართულ ოცნებაზე“ და მათ ლიდერებზე. როგორც გამოჩნდა, ერთადერთი ენა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ესმის, ეს არის სიძლიერის ენა და ეს ითვალისწინებს წნეხს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარედან. ამაზე იყო საუბარი და ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა 15 მაისამდე. 15 მაისი იქნება ამ ეტაპის ლოგიკური დასასრული და შემდგომ უკვე ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მოვლენები. იქნება შეთანხმებული სტრატეგია, რომელსაც გამოიყენებს ოპოზიციის ყველა წევრი, ცალ-ცალკე და ერთად“, – აცხადებს თარხნიშვილი.