ლევან თარხნიშვილი - რეალობა არ შეცვლილა, კრიზისიდან გამოსავალი არის ხელახალი არჩევნები, ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, შევცვალოთ წინადადებები
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გაგრძელების აზრს ვერ ხედავს.
მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკების ყოველ რაუნდზე წარმოადგინა ერთი მეორეზე არაადეკვატური წინადადებები, რომლებიც აბსოლუტურად მიუღებელი იყო „ევროპული საქართველოსა“ და მთლიანად ოპოზიციისთვის.
„შემდეგ კიდევ ერთი არაადეკვატური ნაბიჯი და თავისივე თავთან გააფორმა მემორანდუმი, რომელიც დაწუნებულ წინადადებებზე უარეს წინადადებებს ითვალისწინებდა. შესაბამისად, ამ ფარგლებში, ჯერჯერობით მოლაპარაკების გაგრძელების არსს ნამდვილად ვერ ვხედავ. ჩვენ ველოდებით ახალ წინადადებებს, რომლებიც გაითვალისწინებს არსებულ რეალობას, გაითვალისწინებს იმას, რა ჩიხშიც ვიმყოფებით და იქნება ადეკვატური“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
თარხნიშვილის განმარტებით, ოპოზიცია პირველი ნოემბრის შემდეგ დაფიქსირებულ პოზიციაზეა.
„ეს არის ახალი არჩევნები, თვისობრივად ახალი საარჩევნო გარემო, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია, პოლიტპატიმრების გამოშვება და პოლიტიკური საქმეების შეწყყვეტა. აქ ახალი არაფერია, ამას ვაჟღერებთ ამდენი ხნის განმავლობაში და არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია, ვიყოთ კონსტრუქციულები. როდესაც მოლაპარაკება ჩიხში შევიდა, ჩვენ შევთავაზეთ აბსოლუტურად ლოგიკური გზა, რომ, მოდი, საქართველოს ამომრჩევლებს ვკითხოთ, რა უნდათ მათ. უნდათ თუ არა ახალი არჩევნები და შესაბამისად, ამის ყველაზე კარგი მექანიზმი არის პლებისციტი. ხელისუფლება მაშინაც არაადეკვატური იყო და უარი განაცხადა ამ წინადადებებზე. რაც შეეხება, რა შედეგები მივიღეთ, შედეგი მიღწეულია, ხელისუფლება ზის ერთპარტიულ პარლამენტში და ვინც არ უნდა შეიყვანოს, გინდა, ფრიდონა ინჯია, გინდა, ბატონი ზილფიმიანი და თავისი სატელიტები, ამით რეალობა არ შეიცვლება, ეს არის ერთპარტიული პარლამენტი“, – აღნიშნა ლევან თარხნიშვილმა.
ლევან თარხნიშვილის თქმით, ოპოზიციას ერთმანეთთან მუდმივი კონსულტაციები აქვს.
„როგორც არაფორმალური შეხვედრები, ისე სატელეფონო საუბრები. როდესაც რამე ახალი იქნება, ახალი რეალობა დადგება, ჩვენ, რა თქმაუნდა, შევიკრიბებით. ჯერჯერობით არის ისევე, როგორც იყო“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მსგავსად, თქვენც ხომ არ გაქვთ რამე ინიციატივა?“, თარხნიშვილი პასუხობს, რომ მათი წინადადებები დაწერილი სახით გადაცემულია „ქართული ოცნებისთვის“ პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე რაუნდში და მას შემდეგ.
„დაწერილი სახით არსებობს წინადადებები და ზუსტად არის გაწერილი, რას ვითხოვთ, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის გაუმჯობესების, ისე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების გზით და როგორ შეიძლება მივიდეთ ახალ არჩევნებამდე. შესაბამისად, ეს წინადადები არსებობს, ამაში ყველა ვართ ერთიანი.
გარკეული აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება არსებობდეს, თუ როდის ჩატარდეს არჩევნები, ეს ამ პარტიების პიროვნული ინიციატივაა და ყველაფერზე ერთი აზრი რომ გვქონდეს, მაშინ სხვადასხვა პარტია კი არა, ერთი ვიქნებოდით. რეალობა არ შეცვლილა, ისეთივე კრიზისში ვართ და ამ კრიზისიდან გამოსავალი არის ხელახალი არჩევნები. შესაბამისად, ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, შევცვალოთ წინადადებები მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე კონსტრუქციული ნაბიჯი გადავგდით და ვთქვით, რომ შეგვიძლია, მივიდეთ პლებისციტის გზით, შეგვიძლია თვითმმარველობასთან ერთად და ასე შემდეგ“, – აღნიშნა ლევან თარხნიშვილმა.