ლევან თარხნიშვილი - ქვეყანა ღრმა კრიზისშია, აქედან გამოსვლა შესაძლებელია მხოლოდ ახალი არჩევნების გზით და რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები
მივიჩნევთ, რომ იმდენად ღრმა კრიზისშია ქვეყანა, როგორც პოლიტიკურში, ისე ეკონომიკურში, რომ ამ კრიზისიდან გამოსვლა შესაძლებელია მხოლოდ ახალი არჩევნების გზით და რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა განაცხადა.
როგორც ლევან თარხნიშვილმა აღნიშნა, არჩევნების დასრულებისთანავე გამოქვეყნდა იმის მტკიცებულებები, რომ სად, როგორ და რა გზით გაყალბდა არჩევნები.
„ეს მტკიცებულებები არის საჯარო და შესაბამისად, ნებისმიერ კომისიას და ნებისმიერ საგამოძიებო ორგანოს შეუძლია მათი გამოყენება. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენი მონაწილეობა იცით თქვენ, რომ ჩვენმა დეპუტაციამ, ისევე როგორც მთლიანად ოპოზიციამ, დაახლოებით ორი თვის წინ განცხადებები, რითიც უარი თქვა მანდატებზე და გამოაცხადა ბოიკოტი. ვრჩებით ამ რეჟიმში შესაბამისად, არ ვიღებთ მონაწილეობას არც ერთ საპარლამენტო საქმიანობაში, მათ შორის ლოგიკურად ვერ და არ მივიღებთ მონაწილეობას საგამოძიებო კომისიის მუშაობაში. რაც შეეხება ჩვენი კომისიის წევრებს, ჩვენმა კომისიის წევრებმა არჩევნების დღესაც და შემდეგაც დააფიქსირეს თავის პოზიციები“, – განაცხადა თარხნიშვილმა.
მისივე თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ გამოიწვია თავის ხელმოწერები საუბნო და საოლქო კომისიებიდან, რითაც დააფიქსირა თავისი პოლიტიკური პოზიცია.
„აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია, რას გულისხმობს ბატონი მდინარაძე, თუმცა ასეთი გაუგებარი და არაადეკვატურ ნაბიჯებს „ქართული ოცნების“ მხრიდან შეჩვეულები ვართ. ინიციატივებზე ჩვენი პოზიცია რჩება იგივე. მივიჩნევთ, რომ იმდენად ღრმა კრიზისშია ქვეყანა, როგორც პოლიტიკურში, ისე ეკონომიკურში, რომ ამ კრიზისიდან გამოსვლა შესაძლებელია მხოლოდ ახალი არჩევნების გზით. რაც სწრაფად ჩატარდება ეს არჩევნები, მით უფრო უკეთესია, რადგან ქვეყნის ეკონომიკა და ზოგადად მდგომარეობა ამ ვითარების დიდხანს გაწელვას ნამდვილად ვერ გაუძლებს და არის საფრთხე, რომ ბიზნესი და ეკონომიკა ზოგადად ისე ჩამოიქცეს, რომ მისი ფეხზე დაყენება შეუძლებელი იქნება. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ადამიანების მდგომარეობა, რომლებმაც ამ ეკონომიკური კრიზისის, კოვიდის გამო და იმ უაზრო შეზღუდვების გამო დაკარგა შემოსავალი. შესაბამისად, ისედაც მძიმე მდგომარეობაში იყო და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ყველას აქვს უფლება, რომ ჰქონდეს თავისი აზრი, ეს მათი პარტიების პოზიციაა. ჩვენ ვართ ერთიანები იმაში, რომ საჭიროა ახალი არჩევნების ჩატარება და შესაძლებელია კონსულტაციები გაგრძელდეს, იმისთვის, თუ როდის და როგორ ჩავატაროთ ეს არჩევნები, ეს ნორმალური პროცესია. ყველაფერზე ერთი და იგივე აზრი რომ გვქონდეს, მაშინ ერთი პარტია ვიქნებოდით და არა პარტიების თანამეგობრობა. საარჩევნო რეფორმაზე ჩვენი პოზიცია მემორანდუმზე, რომელიც გაფორმდა „ქართულ ოცნებას“ და მის სატელიტს შორის, დავაფიქსირეთ როდესაც მოლაპარაკებებზე წარადგინეს და უარი ვთქვით მთლიანმა ოპოზიციამ. ეს არის მოლაპარაკებებზე წარდგენილი დოკუმენტის უარესი ვარიანტი და შესაბამისად, ლოგიკურია, რომ არც ეს იქნება ჩვენთვის მისაღები“, – განაცხადა თარხნიშვილმა.