ლევან თარხნიშვილი - მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ წინადადებები „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წარადგინოს, რადგან ბურთი მათ ნახევარზეა
ლევან თარხნიშვილი - მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ წინადადებები „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წარადგინოს, რადგან ბურთი მათ ნახევარზეა

მემორანდუმი, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა ხელი, არის იმ მემორანდუმის გაუარესებული ვარიანტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მესამე თუ მეოთხე რაუნდზე წარმოადგინა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან თარხნიშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ მემორანდუმს ოპოზიციის მხრიდან ეთქვა უარი, რადგან არ შეიცავდა ახალი არჩევნების ნაწილს, პოლიტპატიმრების ნაწილს.

„ვითხოვდით, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შესულიყო და კონკრეტულად ჩამოვთვალეთ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც უნდა დაესახელებინათ და შეერჩიათ თავჯდომარე, მოადგილე და მდივანი. „ქართული ოცნების“ ვარიანტში იყო ზოგადად ჩაწერილი არასამთავრობო სექტორი, რომელშიც შეიძლება შესულიყო ნებისმიერი „ქართული ოცნების“ სატელიტი. ჩვენს წარდგენილ ვარიანტში სისტემაზე და საარჩევნო გარემოზე კონკრეტული მოთხოვნები იყო ჩამოწერილი, როგორიცაა ხმის ფარულობის დაცვა, ზეწოლის თავიდან აცილება, „ქართული ოცნების“ ვარიანტში ჩამოწერილი იყო სადღეგრძელოები, რომლებიც სუფრაზეა კარგი და არა ოფიციალურ დოკუმენტში. ამ ვარიანტში, რაზეც ხელი მოაწერეს, ესეც კი გაქრა, ვგულისხმობ საარჩევნო ადმინისტრაციას და შემოვიდა პრეზიდენტისა და პარლამენტის ოფცია. ფაქტობრივად, მივიღეთ ის რაც, ისედაც გვაქვს ახლა. თუ ის მემორანდუმი მიუღებელი იყო, „ევროპული საქართველოსთვის“ და მთლიანად ოპოზიციისთვის ეს მემორანდუმი უფრო მიუღებელია“, – განაცხადა თარხნიშვილმა.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველოსთვის” და ოპოზიციისთვის საპარლამენტო მანდატები დიდი ხანია, გაუქმებულია, მას შემდეგ რაც, 51 ადამიანმა განცხადება დაწერა.

„მათ საკუთარი ნება წარმოაჩინეს და „ქართულმა ოცნებამ“ რაც არ უნდა ილაპარაკოს, ეს ნება დაფიქსირებულია და გაუგებარია, როდესაც ადამიანს აიძულებენ თავის ნების საწინააღმდეგოდ რაღაც გააკეთონ, თუნდაც იყვნენ პარლამენტარები. ჩვენი გეგმები არ იცვლება, გამოვიყენებთ ყველა მექანიზმს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ მივაღწიოთ ახალ არჩევნებს, საარჩევნო გარემოს, ადმინისტრაციასა და პოლიტპატიმრების გამოშვებას. ახალი არჩევნები ჩვენი ახირება არაა, მივიჩნევთ, რომ ეს არის ერთადერთი გზა ჩიხიდან გამოსასვლელად. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ მიუხედავად მათი თამამი განცხადებებისა, არ არის მზად ჩვენს პარტნიორებთან დააფიქსიროს, რომ გვაქვს მხოლოდ ერთპარტიული პარლამენტი. მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ წინადადებები „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წარადგინოს, რადგან სპორტულად რომ ვთქვათ, მათ ნახევარზეა ბურთი“, – განაცხადა თარხნიშვილმა.