ლევან თარხნიშვილი - მხოლოდ ახალი არჩევნები გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან, ყველაფერი დანარჩენი არის კოსმეტიკური, თავის მოტყუება
„ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები კოსმეტიკური ხასიათისაა. მისივე შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შემოთავაზებული წესი დღეს არსებულზე უარესია.
ლევან თარხნიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანას კრიზისიდან მხოლოდ ახალი არჩევნები გამოიყვანს.
„ჩვენ რომ ამ პროცესს დადებითად ვუყურებდეთ, მაშინ მივიღებდით მონაწილეობას. ჩვენი აზრით, ეს კოსმეტიკური, არაფრის მომცემი ცვილებები, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, რაც იქ წერია, არის იმაზე უარესი, რაც დღეს გვაქვს. არ იცვლება საარჩევნო გარემო. მემორანდუმში რაც არის ჩამოწერილი, ამაზე „ევროპულმა საქართველომ“ და მთლიანად ოპოზიციამ ერთხელ უკვე ვთქვით უარი. ეს არის იმის გაუარესებული ვარიანტი, რაზეც უარი ვთქვით. შესაბამისად, ვერაფერს დდებითს ვერ მოიტანს. ჩვენი ღრმა რწმენით, მხოლოდ ახალი არჩევნები არის ის, რაც გამოიყვანს ქვეყანას ამ ღრმა კრიზისიდან, დანარჩენი ყველაფერი არის კოსმეტიკა და თავის მოტყუება. თუ ამ პროცესში ჩაბმულ ადამიანებს უნდათ, ამ პროცესით დაკავდნენ, ეს მათი ნებაა. ჩვენ ამაში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ჩვენი მოთხოვნები რჩება იგივე, მოთხოვნების შესრულებამდე ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას განვაგრძობთ“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ ფორმატში არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და ცესკო-ს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
დისკუსიის მთავარი თემა იყო საარჩევნო რეფორმის განხორციელება და ის მემორანდუმი, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა. რეფორმა ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლებურად დაკომპლექტებას, ცესკო-ს თავმჯდომარის ახალი წესით არჩევას და ხმის მიცემის პროცედურების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას.