ლევან თარხნიშვილი - აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც არალეგიტიმური პარლამენტი ქმნის რაღაც კომისიას, რომელმაც მისივე დანაშაული უნდა გამოიძიოს
„ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
თარხნიშვილის თქმით, გაუგებარია, როდესაც არალეგიტიმური პარლამენტი ქმნის კომისიას საკუთარი დანაშაულის გამოსაძიებლად.
„ევროპულმა საქართველომ და მთლიანად ოპოზიციამ არაერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია ამ პარლამენტის და 2020 წლის არჩევნების მიმართ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არჩევნები არ გამოხატავდა საქართველოს მოსახლეობის აზრს, შესაბამისად, ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და ამიტომ, აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც ეს პარლამენტი ქმნის რაღაც კომისიას, რომელმაც თავისი დანაშაული უნდა გამოიძიოს. შესაბამისად, „ევროპული საქართველო“ და მთლიანად ოპოზიცია არ აპირებს არც პარლამენტში შესვლას და არც ამ კომისიაში მონაწილეობის მიღებას. რას გააკეთებს ბატონი ელისაშვილი, ეს მისი საქმეა“, – განაცხადა თარხნიშვილმა.
ლევან თარხნიშვილი ასევე გამოეხმაურა „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებულ მემორანდუმს. თარხნიშვილის თქმით, ამ ორ პარტიას შორის გაფორმებული მემორანდუმი არის ის დოკუმენტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა მოლაპარაკებების პროცესზე და რომელზეც უარი ეთქვა მთლიანად ოპოზიციისაგან.
„მემორანდუმი, რომელსაც ხელს აწერენ „ქართული ოცნება“ და ახლა უკვე „ქართული ოცნება“, არის ის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგინა „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკებაზე და რომელზეც უარი უთხრა „ევროპულმა საქართველომაც“ და მთლიანად ოპოზიციამაც. შესაბამისად, რატომ უნდა დავუბრუნდეთ ამ დოკუმენტს, გაუგებარია. ჩვენ ველით ახალ, ადეკვატურ შეთავაზებებს „ქართული ოცნებისაგან“ და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება განახლებული მოლაპარაკებები“, – განაცხადა თარხნიშვილმა.