ლევან სურგულაძე - თითოეულ ადამიანს პირად საპენსიო ანგარიშზე წითლად ეწერა, რა პერიოდში შეეძლო სქემიდან გასვლა, ყველამ კარგად იცოდა, სად იყო, საიდან შეეძლო გასვლა და სად დარჩა
ჯანმრთელობისა დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ ანგარიში წარადგინა, „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინტერსდა, საპენსიო სქემის დატოვების საკითხზე რამდენად მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩატარდა.
„მართლაც ინტენსიური კამპანია რომ გქონოდათ და აგეხსნათ ხალხისთვის, რომ გასვლა სქემიდან შეეძლოთ 40 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს, მიგაჩნიათ თუ არა, რომ გავიდოდა 50 პროცენტზე მეტი“, – ჰკითხა დეპუტატმა სააგენტოს დირექტორს.
ოპოზიციონერი დეპუტატის საპასუხოდ ლევან სურგულაძემ განმარტა, რომ კამპანია იყო საკმაოდ მასშტაბური და თითოეული მოქალაქე ინფორმირებული იყო, შეეძლო თუ არა სქემის დატოვება.
სურგულაძის თქმით, სააგენტოს წარმომადგენლები დადიოდნენ სხვადასხვა კომპანიაში და პირადად აცნობდნენ დასაქმებულებს ამ საკითხს.
„ჩვენ ჩავატარეთ საკმაოდ მასშტაბური კამპანია, ყოველ შემთხვევაში იმის ფარგლებში, რა სახსრებიც გაგვაჩნდა და საკუთარი შესაძლებლობებით, პრაქტიკულად ორგანიზაციებში მივდიოდით, პირდაპირ ვესაუბრებოდით ხალხს. მქონდა 200-ზე მეტი სატელევიზიო გამოსვლა, გამოქვეყნებული იყო 900-ზე მეტი პუბლიკაცია როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ პრესაში, იყო კლიპებიც ტელევიზიებში, სოციალურ მედიაში. ასევე, ჩვენი საინფორმაციო სამსახურები მუშაობდნენ განუწყვეტლივ, დატვირთული იყო ქოლცენტრი, ხალხი რეკავდა. თითოეულ ადამიანს, თავის პირად საპენსიო ანგარიშზე წითელი ასოებით ეწერა და პირველ რიგში, იმას ხედავდა, რა პერიოდში შეეძლო საპენსიო სქემიდან გასვლა. ასე რომ, აქ არანაირი ინფორმაციული პრობლემა არ ყოფილა, ყველამ ძალიან კარგად იცოდა, სადაც იყო, საიდანაც შეეძლო გასვლა და სადაც დარჩა. შესაბამისად მიმაჩნია, რამე კიდევ უფრო მასიური რომ ჩაგვეტარებინა, პირიქით, შეიძლება, მეტი ხალხი დარჩენილიყო” – განაცხადა ლევან სურგულაძემ კომიტეტის სხდომაზე.
როგორც კომიტეტზე აღინიშნა, მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისთვის საპენსიო სქემიდან გასვლა 329 000 ადამიანს შეეძლო, თუმცა 159 000-მა დატოვა.