ლევან სურგულაძე - საპენსიო სააგენტო წლის ბოლოსთვის ნახევარი მილიარდი ლარის მობილიზებას ელოდება
დაგროვებით საპენსიო სქემას ამ ეტაპზე 931 130 უნიკალური მონაწილე ჰყავს, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ განაცხადა, რომელმაც პარლამენტში 2019 წლის ექვსი თვის მუშაობის ანგარიში წარადგინა.
ლევან სურგულაძის თქმით, უნიკალური მონაწილეების საერთო რაოდენობიდან, კერძო სექტორს – 761 828, ხოლო საჯარო სექტორს 218 687 მონაწილე მიეკუთვნება.
„2019 წლის პირველი იანვრიდან სქემაში 60 134 კერძო კომპანია ჩაერთო. ბოლო მონაცემებით, საპენსიო ფონდის ღირებულება 450,474,703 ლარია, დარიცხული სარგებელი კი, 13,271,612 ლარს შეადგენს”, – განაცხადა სურგულაძემ.
როგორც საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა განმარტა, სააგენტო წლის ბოლოსთვის 0.5 მილიარდი ლარის მობილიზებას ელოდება.
ამასთან, ლევან სურგულაძის შეფასებით, დაგროვებითი საპენსიო რეფორმა საქართველოში წარმატებით გრძელდება და მან საპენსიო ასაკში საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება უნდა უზრუნველყოს.
„დაგროვებითი საპენსიო რეფორმა, ეს არის უმნიშვნელოვანესი, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით. ეკონომიკურ ეფექტებს ჩვენ უნდა ველოდოთ უახლოეს წლებში და სოციალური თვალსაზრისით ამ რეფორმამ უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების ფინანსური ცხოვრება საპენსიო ასაკში”, – განაცხადა სურგულაძემ.