ლევან სურგულაძე - საპენსიო დანაზოგით მოქალაქე 300 პროცენტიან ამონაგებს იღებს
საპენსიო ფონდში თანხის შეტანით მოქალაქე 300 პროცენტიან ამონაგებს იღებს, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ საუბრის დროს განაცხადა.
გადაცემის თანაწამყვანი გიორგი აბაშიშვილი დაინტერესდა, რამდენად შესაძლებელია, რომ საპენსიო ფონდში ხელფასის 2 პროცენტის გადახდის საკომპენსაციოდ, სახელმწიფომ მოქალაქეებს საშემოსავლო გადასახადი 2 პროცენტით შეუმციროს.
სურგულაძე მიიჩნევს, რომ საშემოსავლო გადასახადის შემცირებამ შესაძლოა, სახელმწიფო ბიუჯეტში დისბალანსი გამოიწვიოს.
„ეს იყო გათვლილი და ახლა სახელმწიფო იმ გადახდილი საშემოსავლო გადასახადიდან 2 პროცენტს გიბრუნებთ უკან. ეს იყო, რაც შეეძლოთ გათვლებზე დაყრდნობით და ამ ეტაპზე, პრინციპში საკმარისია. ჩვენი მოდელებით, რაც შევაფასეთ ნორმალურ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაგროვებას ახალგაზრდა ასაკში დაიწყებს, საპენსიო ასაკისთვის საკმარისი თანხა უგროვდება. 20 წლის ასაკში რომ დაიწყოს დაგროვება, საპენსიო ასაკში ჩანაცვლების კოეფიციენტი ექნება 88 პროცენტი. 30-40 წლისამ რომ დაიწყოს დაგროვება, აქაც საკმარისი თანხა გროვდება. იმ შემთხვევაში, თუ თანხა იქნება ძალიან მცირე, საპენსიო სააგენტოს შეუძლია, დააწესოს ლიმიტი და იმ ლიმიტზე ნაკლები თანხა გასცეს ერთიანად. რას აგებს მოქალაქე, ოთხმაგი ერიცხება. 300 პროცენტიანი ამონაგებია, ასეთი სხვა საშუალება არ არსებობს“, – განმარტა სურგულაძემ „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას.