ლევან სილაგავა - სასურსათო უსაფრთხოებისთვის უპირველესად, ხორბლის ადგილობრივი წარმოება საერთო მოხმარების 30 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს
სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ქვეყანამ თავი დაცულად რომ იგრძნოს, პირველ რიგში, ხორბლის ადგილობრივი წარმოება საერთო მოხმარების 30 პროცენტამდე მაინც უნდა გაზარდოს, – ამის შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.
გადაცემაში ხორბლის სტრატეგიული მარაგების მნიშვნელობა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაში ხორბლის მარაგების როლი განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ საქართველო ხორბლის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, რაც სასურსათო უსაფრთხოების კუთხით სერიოზული გამოწვევაა, რადგან ხორბალი სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტია, რომელსაც განვითარებული ქვეყნები უშიშროების პოლიტიკის რანგში განიხილავენ.
სილაგავა მიიჩნევს, რომ წარმოების გაზრდასთან ერთად, აუცილებელია ხორბლის რეგლამენტის შემუშავებაც, რაც დღეის მდგომარეობით ქვეყანას არ აქვს.
„ხორბლის ბაზარზე დღესდღეობით სტაბილური მდგომარეობაა. სამწუხაროდ, იმპორტზე ვართ დამოკიდებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოხდეს დივერსიფიკაცია. ბოლო სამი წლის განმავლობაში იმპორტი ძირითადად რუსეთიდან შემოდის. ხორბლის ადგილობრივი წარმოება არის, თუმცა მცირე. პირველი, რაც სასურსათო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, არის ის, რომ იყოს ადგილობრივი წარმოება. ჩვენ ვართ მცირემიწიანი ქვეყანა, თუმცა არსებობს ტექნოლოგიები და ცოდნა, რაც დაგვეხმარება ადგილობრივი წარმოების გაზრდაში. ბოლო წლებში დაახლოებით 100 ათას ჰექტარზეა დათესილი ხორბალი, თუმცა ჰექტარზე საშუალოდ ორ ტონა მოსავალს ვიღებთ, რაც უნდა ავიყვანოთ მსოფლიოში არსებულ საშუალო მაჩვენებელზე, რომელიც ჰექტარზე 4-5 ტონას შეადგენს. ამ შემთხვევაში, ხორბლის მოხმარებაში გვექნება ადგილობრივი წარმოების საკმარისი ოდენობა, დაახლოებით მოხმარების 30 პროცენტი. ეს საშუალებას მოგვცემს, თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ და გარდამავალი მარაგების მხრივ ადგილობრივ წარმოებაზე ვიყოთ დამოკიდებული. ეს არის უპირველესი ამოცანა და ეტაპობრივად კეთდება“, – განმარტა სილაგავამ.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის მოსაზრებით, მეორე რიგის ამოცანაა ხორბლის იმპორტის დივერსიფიკაცია, რისი მიმართულებითაც ნაბიჯებს დგამს როგორც კერძო სექტორი, ისე მთავრობა.
„კერძო სექტორს მუდმივად პულსზე გვიჭირავს ხელი, თვალყურს ვადევნებთ, რომელ ქვეყანაში რა ფასებია. რაც შეეხება მთავრობას, ბოლო ინიციატივა იყო ყაზახეთის მიმართულებით გააქტიურება. ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტზე სატარიფო მდგენელი ტრასპორტირების ხარჯში არის 100 დოლარი. ეს ნიშნული დაახლოებით 20-25 დოლარით შემცირდება იმ ფაქტორიდან გამომდინარე, რომ ყაზახეთის მთავრობამ საქართველოსკენ მომავალი ხორბლის სუბსიდირება თავის თავზე აიღო“, – განაცხადა სილაგავამ.
ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ და გადაცემის თანაწამყვანმა ლევან კალანდაძემ აღნიშნა, რომ ჯერ რთულია განსაზღვრა, თუ რამდენად აისახება ხორბლის ფასზე საქართველოსა და ყაზახეთის მთავრობებს შორის დადებული კონტრაქტი, რომლის ფარგლებშიც ყაზახეთი საქართველოსკენ მომავალი ხორბლის ყაზახეთის მონაკვეთზე სუბსიდირებას თავის თავზე იღებს. მეორეს მხრივ, კალანდაძის მოსაზრებით, ამ კონტრაქტის შედეგად საქართველოსთვის, სავარაუდოდ, ხორბლის მომწოდებლების დივერსიფიკაცია მოხდება. კალანდაძე დაინტერესდა, როგორ ხდება ქვეყანაში შემოტანილი ხორბლის ხარისხის მართვა, რადგან იმპორტირებული ხორბლის ხარისხთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია.
ლევან სილაგავას განმარტებით, ქვეყნაში ხორბლის ხარისხზე ტექნიკური რეგლამენტი არ არსებობს, ამიტომ წისქვილკომბინატები იმპორტირებული ხორბლის დაფქვის დროს ფქვილის ტექნიკურ რეგლამენტს იყენებენ. თუმცა, მისი აზრით აუცილებელია, ხორბლის იმპორტი ადგილობრივი სტანდარტების მიხედვით განხორციელდეს.
„ზოგადად, ხარისხის მიმართულებით ჩვენი პოლიტიკა ასეთია: როცა წიქსვილკობინატები რუსულ, ყაზახურ თუ სხვა ქვეყნიდან შემოტანილ ხორბალს ამუშავებენ და ფქვილად გარდაქმნიან, ამისთვის ფქვილის ტექნიკურ რეგლამენტს იყენებენ. დღესდღეობით, ქვეყანაში ხორბლის ტექნიკური რეგლამენტი არ არსებობს. ხორბლის ტექნიკური რეგლამენტი არ არის მიბმული მხოლოდ ხორბლის ხარისხობრივ მაჩვენებლებთან, ის ითვალისწინებს როგორც ხარისხის, ასევე ტრანსპორტირების და ბაზარზე განთავსების მონაცემებს. შესაბამისად, რუსეთიდან, ყაზახეთიდან თუ სხვა ქვეყნებიდან წამოსული ხორბალი აუცილებელია, შემოვიდეს იმ სტანდარტით, რომელიც ადგილობრივ ქვეყანას აქვს“, – განმარტა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.