ლევან სილაგავა - საქართველოში ხორბლის საკმარისი მარაგია, ფქვილსა და პურზე ფასი სტაბილურია და ასეც გაგრძელდება
საქართველოში ხორბლის საკმარისი მარაგია, შესაბამისად, ფქვილსა და პურზეც ფასი სტაბილურად არის და ასეც გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 47 ლარიდან 51 ლარამდეა და იგივე ფასი იყო ერთი თვის წინაც.
„მე შემიძლია გითხრათ, რომ ხორბლისა და ფქვილის ფასიდან გამომდინარე, პურიც არ გაძვირდება და იქნება სტაბილური. იყო გარკვეული აჟიოტაჟი, მაგრამ გვაქვს არსებული მარაგი, ასევე რაც ახლა იცლება და პლუს შეკვეთილიც არის, შემოდის როგორც გემით, ასევე რკინიგზით და ლარსიდან, უბრალოდ გარკვეული შეფერხება იყო ამინდის, კერძოდ ზვავსაშიშროების გამო. როგორც გვითხრეს, ესეც დღეს დაიძრება. შესაბამისად, გვაქვს სრულად სტაბილური მდგომარეობა და არანაირი საშიშროება არ არის“, – განაცხადა სილაგავამ.
ამასთან, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, დღეს სოციალურ ქსელში განათავსა ფოტოები და ინფორმაცია, რომ ბათუმის პორტში დაიცალა ორი გემი, რომლებმაც საქართველოში ხორბალი შემოიტანეს.