ლევან სილაგავა - დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში ხორბლის 2.5 თვის მარაგი არსებობს, მიწოდების ჯაჭვი რომც გაწყდეს, არსებული მარაგები საკმარისია ქართული ხორბლის ახალ მოსავლამდე
საქართველოში დღევანდელი მდგომარეობით ხორბლის 2-2.5 თვის მარაგი არსებობს, – ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.
მისი თქმით, არარეალურია, თუმცა მიწოდების ჯაჭვიც რომ გაწყდეს, არსებული მარაგები საკმარისია ქართული ხორბლის ახალ მოსავლამდე.
ლევან სილაგავას თქმით, რუსეთის მხრიდან ხორბლის ექსპორტზე კვოტების დაწესება მოსალოდნელი იყო.
„დღევანდელი მდგომარეობით ქვეყანაში 2-2,5 თვის მარაგი არსებობს, ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ მიწოდების ჯაჭვის გაწყვეტა, რაც არარეალურია, ჩვენ ამ მარაგებით მაინც მივალთ ქართული ხორბლის ახალ მოსავლამდე. რუსეთის ეს ნაბიჯი მოსალოდნელიც იყო, თუმცა ქართულ მხარესთან კონტრაქტები არ გაწყვეტილა. არ არის მოლოდინი, რომ რუსეთი ხორბლის ახალ მოსავლამდე 7 მილიონიან კვოტას ამოწურავს, თუმცა იმ შემთხვევაშიც თუ მოვლენები პესიმისტური სცენარით წარიმართა, საქართველოს ამ გამოწვევაზე საპასუხოდ საკმარისი რესურსი აქვს. ამ წუთში მდგომარეობა არის სტაბილური. ეს პროექტი გამოცხადდა დაახლოებით 25 მარტს, მას შემდეგ გასულია 7 დღე. იდეაში ამაზე საუბარი მიდიოდა და ველოდებოდით, მაგრამ კონტრაქტები არ გაწყვეტილა“, – აღნიშნა სილაგავამ.
მისი თქმით, რუსეთში აჟიოტაჟი იყო, დაეცა რუბლის კურსი.
„შესაბამისად, საექსპორტოდ მიმზიდველი იყო მათ შორის ხორბლის გამოტანა და ადგილობრივ ბაზარზე ხორბლის მიწოდება შეაჩერეს ადგილობრივმა მიმწოდებლებმა იქიდან გამომდინარე, რომ ფასმა გარკვეული მომხიბვლელობა შეიძინა. ზოგმა გააჩერა გაყიდვა და შეინახა, ზოგმა ექსპორტზე მიმართა. შესაბამისად, იძულებული იყო რუსეთის ხელისუფლება, ასეთი გადაწყვეტილება მიეღო. ეს არ ეხება მხოლოდ ხორბალს. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ რაზეც არის საუბარი, 7 მლნ ტონაზე, არ არის ის მოცულობა, რომელიც შეიძლება, ამოწუროს რუსეთმა ახალი ხორბლის მოსავლამდე. ეს არის პირველი ივლისი. ეს იყო ერთგვარი რეაქცია ბაზრის დასაწყნარებლად. გარკვეულმა აჟიოტაჟმა ჩაიარა და დღესდღეობით გარკვეულწილად დასტაბილურდა ბაზარი“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.