ლევან სილაგავა - 20 მსხვილი კომბინატიდან, ახლა მხოლოდ სამი წისქვილკომბინატი მუშაობს, მაისის ბოლომდე ნაშთებიც ამოიწურება და ისინიც გაჩერდებიან
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის ლევან სილაგავას განცხადებით, თვის ბოლოსთვის საქართველოში ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდება.
როგორც ლევან სილაგავამ განაცხადა, ამის მიზეზი მიზეზი ქვეყანაში ფქვილის იმპორტის მკვეთრ ზრდას და ხორბლის იმპორტის კლებაა. ასოციაციის ხელმძღვანელი კონკურენტული ფასების მიღწევისთვის ფქვილზე საიმპორტო მოსაკრებლის გადასახადის დაწესებას განიხილავს.
„სამწუხაროდ, თვეების განმავლობაში ხორბლის მარაგი მცირდება, მიზეზი არის ის, რომ ხორბალსა და ფქვილს შორის არის სხვადასხვა დაბეგვრის რეჟიმი. ამან გამოიწვია ქვეყანაში ფქვილის აგრესიული იმპორტი. ბოლო მონაცემებით 11-ჯერ არის ფქვილის იმპორტი გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შესაბამისად, ამ ყველაფერმა დროთა განმავლობაში გამოიწვია ის, რომ წისქვილკომბინატებს ხორბლის მილევადი მარაგები აქვთ. აზრი არ აქვს ახლის შემოტანას, ვინაიდან პირობები დარღვეულია ფქვილისა და ხორბლის შემოტანას შორის. 20 მსხვილი კომბინატიდან სამი წისქვილკომბინატი მუშაობს, რომელიც ნაშთებს ამოყიდიან მაისის ბოლომდე და ისინიც გაჩერდებიან, რადგან ხორბალზე ახალი შეკვეთები არ აქვთ გაკეთებული. შესაბამისად, ქვეყანა სრულად გადასულია ფქვილი პირდაპირ იმპორტზე“, – აღნიშნა საქართველოს პირველ არხთან ლევან სილაგავამ.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა დღეს პრემიერ-მინისტრის შეხვედრის მოთხოვნით მიმართეს.
„თვეების განმავლობაში ვმუშაობდით სამთავრობო სამუშაო ჯგუფთან, სადაც წარდგენილი გვქონდა ჩვენი წინადადება იმასთან მიმართებაში, თუ გათანაბრდებოდა საიმპორტო გადასახადები, ვიღებდით ვალდებულებას, რომ პურის მწარმოებლებს ისეთ ფასად მივაწვდიდით ფქვილს, რომ გარკვეულწილად პურის ფასის დიველირება მოხდებოდა. პლიუს ქატოს გადამუშავებაც მოხდებოდა და ბიუჯეტშიც შევიდოდა გადასახადები. მთლიანი მხარდაჭერა ჩვენ ვერ მოვიპოვეთ. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნა. უკვე მეორედ მივმართეთ პრემიერ-მინისტრს, პირად შეხვედრაზე გვინდა, გავაცნოთ ჩვენი წინადადება. ვინაიდან, ეს საკითხი არის ძალიან აქტუალური და ახლო მომავალში გამოასწორებდა მდგომარეობას, წისქვილების ამუშავების მხრივ, სასურსათო მარაგების გაერო-ს რეკომენდაციის დაკმაყოფილების კუთხით. ჩვენ არ ვითხოვთ საბიუჯეტო დახმარებას, რათა სუბსიდირების პროგრამა განხორციელდეს პურის ფასის შესანარჩუნებლად. პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ პურის ქარხნებისთვის ფქვილის მიწოდების სტაბილურობას უზრუნველვყობთ. მინდა, ყურადღება მივაქციო იმასაც, რომ მსოფლიო ბაზარზე ძალიან სერიოზული გადალაგებები ხდება და ერთმანეთის მიყოლებით გამოდის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, საფრანგეთის პრეზიდენტი, მსოფლიო ბანკი, გაერო-ს სასურსათო ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ აუცილებელია მარაგების შექმნა“, – განაცხადა სილაგავამ.
მისივე თქმით, მსოფლიოში ხორბლის კრიზისია, აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი აკეთებენ ხორბლის მარაგებს.
„ჩვენთვის მნშვნელოვანია, პირდაპირი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, იქიდან გამომდინარე, რომ სამინისტროებთან შეხვედრამ ეფექტი არ მოგვიტანა. გლობალურ ბაზარზე ხორბლის ფასები მაღალია, მოლოდინებიც საკმაოდ რთულია მსოფლიოსთვის. ბოლო გამოსვლაზე ბაიდენმა თქვა, რომ 20 მილიონი ტონა ხორბალი, რომელიც უკრაინაშია ჩარჩენილი ამის გამოტანის საჭიროება, რადგან მსოფლიოში არ დაიწყოს ისეთი პროცესები, რომელიც ბევრს ქვეყანას სასურსათო კრიზისის ზღვარზე არ მიიყვანს. ეს განცხადება ისეთივე საყურადღებოა ჩვენთვის, როგორც მსოფლიოსთვის. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ დარგისთვის ყურადღების მიქცევა“, – განმარტა ლევან სილაგავამ საქართველოს პირველ არხთან საუბარში.