ლევან სამუშია - საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვა კანონდარღვევით მიმდინარეობს
„ლელოს“ წევრებმა ლანა გალდავამ, ლევან კობერიძემ და ლევან სამუშიამ საოლქო-საარჩევნო კომისიებთან განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
მათი თქმით, საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს კანონდარღვევით, პარტიის წარმომადგენლებს და კანდიდატებს კი პროცესში ჩართვის საშუალება არ ეძლევათ.
„ლელოს“ ლიდერები აცხადებენ, რომ ხმების დაცვისთვის გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ გზას, პარალელურად კი უერთდებიან ქუჩის აქციებს.
„წარმოუდგენელი რამ ხდება საოლქო-საარჩევნო კომისიებში, არც ერთი ჩვენი საჩივარი არ იქნა განხილული ყურით მოთრეული მიზეზით. სამართალთან, კანონთან და სამართლიანობასთან ამ ყველაფერს შეხება არ აქვს, საჩივრები დატოვეს განუხილველი. წარმომადგენელი იყო ოფიციალურად საოლქო კომისიაში და მას ეუბნებიან, რომ თურმე არაუფლებამოსილი პირია. ყველაფერზე მიდიან, მაგრამ მშვიდად კონსტიტუციის ფარგლებში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს“, – განაცხადა სამუშიამ.