ლევან სამუშია - დღეს ვდგავართ პოლიტიკური, ეკონომიკური უფსკრულის წინაშე, დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ და ქვეყანაში იქნება ვადამდელი არჩევნები
ლევან სამუშია - დღეს ვდგავართ პოლიტიკური, ეკონომიკური უფსკრულის წინაშე, დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ და ქვეყანაში იქნება ვადამდელი არჩევნები

ადამიანი ეუბნება, უფლებამოსილება შემიწყვიტეთო და ასეთი პრეცედენტი გინახავთ, რომ ადამიანს პარლამენტის წევრობა იძულებით მიუსაჯო?, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან სამუშიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა. 

„დღეს ხომ ხედავთ, რა მოხდა?! ოპოზიციას ეუბნებოდნენ, დაგამთავრებთო და ახლა რას ეუბნებით თქვენს ამომრჩეველს? კანონი რომ დაარღვიეს, ეს ერთია, მაგრამ ადამიანი ეუბნება, უფლებამოსილება შემიწყვიტეთო და ასეთი პრეცედენტი გინახავთ, რომ ადამიანს პარლამენტის წევრობა იძულებით მიუსაჯო? აი, ამ ადამიანებმა გაკეთეს ეს“, – განაცხადა სამუშიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას იტყოდა ოპოზიცია უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, ლევან სამუშაიმ განაცხადა, რომ ეს ოპოზიციის მოთხოვნა იყო და შესაბამისად, არაფერს იტყოდა.

„ეს ჩვენი მოთხოვნა იყო და რა უნდა გვეთქვა, ან რა პრეტენზია უნდა გვქონოდა? განცხადება დავწერეთ და რა პრეტენზია უნდა ყოფილიყო, გამაგებინეთ. ჩვენ სამართლის აღსრულებას მოვითხოვთ, იმ ფორმალური რაღაცების გაკეთებას, რასაც არ აკეთებენ. იცით, რატომ? გუშინ, ქალბატონ პრეზიდენტს, თავიანთი პარტიის წევრს, ალბათ, წამოსცდა, ერთპარტიული პარლამენტიაო და ეს არ უნდათ“, – განაცხადა სამუშიამ.

როგორც „ლელოს“ წევრმა აღნიშნა, დღეს ქვეყანა პოლიტიკური და ეკონომიკური უფსკრულის წინაშე დგას.

„დღეს ვდგავართ პოლიტიკური და ეკონომიკური უფსკრულის წინაშე. ეს ქვეყანა ივანიშვილმა მიიყვანა უფსკრულამდე და დღეს გვიმტკიცებენ, თურმე, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები მიდის. ეს არის ქართული საზოგადოების დაცინვა. „ლელო“ იქ დგას, სადაც სიმართლე და სამართალია. „ლელო“ არასდროს არ დადგება გაყალბებასთან და სიყალბის მონაწილე არ იქნება. თუ ჩვენ დღეს დავუშვით, რომ სიყალბეში მივიღეთ მონაწილეობა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეს სიყალბე დავუტარეთ-გავუპრავეთ, ათწლეულები ვიქნებით სიყალბეში. ამიტომ, აუცილებელია ჩვენი უპრინციპულესი პოზიცია“, – განაცხადა სამუშიამ.

მისი თქმით, ეს არის მთავარი არა კონკრეტულად პოლიტიკური პარტიისათვის, არამედ ქვეყნის მომავლისათვის, ვინაიდან ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები.

„არ დარჩენილა არც ერთი კრიტიკული მედიასაშუალება, რომლის წარმომადგენელი და დამფუძნებელიც დევნაში არ იმყოფება და არ დარჩენილა პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელზეც ბრალი არ იყოს წარდგენილი. ამიტომ, ჩვენ ამას მივაღწევთ და დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში იქნება ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.