ლევან სამუშია აცხადებს, რომ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთ წევრზე ზეწოლა განხორციელდა
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პარტიის ერთ-ერთ წევრზე, მანანა სულთანიშვილზე ზეწოლა განხორციელდა.
როგორც ბრიფინგზე „ლელოს“ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის წევრმა, მანანა სულთანიშვილმა განაცხადა, რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოს წევრის, რიმა ბერიძისა და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირების, მაკა სამნიაშვილისა და ქეთი ღვინიაშვილის მხრიდან მასზე ზეწოლა განხორციელდა.
მისი თქმით, აღნიშნულმა პირებმა მისგან მოითხოვეს, შეწყვიტოს „ლელოს“ მხარდაჭერა და იმუშაოს სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუწყდება სოციალური დახმარება და შეუჩერდება უფასო სასადილოთი სარგებლობის უფლება.
ლევან სამუშიას განცხადებით, „ლელო საქართველოსთვის“ მოითხოვს, დაუყონებლივ სამართლებრივ რეაგირებას კონკრეტულ შემთხვევაზე.
„აქტიურ ფაზაში შევიდა წინასაარჩევნო კამპანია და „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიწყო დაშინებები. ჩემს გვერდით არის ქალბატონი მანანა სულთანიშვილი, რომლის მიმართაც განხორციელდა ზეწოლა. დიდუბე-ჩუღურეთის „ქართული ოცნების“ შტაბში ჩაიყვანეს და შეახვედრეს რიმა ბერაძესა და მაკა სამნიაშვილს, რომლებმაც განუცხადეს, რომ თუ „ლელოში“ გააგრძელებდა ყოფნას და მხარდაჭერას, მას შეუწყვეტდნენ სოციალურ დახმარებას და თქვენ წარმოიდგინეთ, უფასო სასადილოს. ბერიძე რიმა, რომელიც 1.18 თეთრად გვკვებავს და სრულიად საკმარისიაო იძახის, ამით ემუქრებოდნენ. მინდა, მივმართო ყველას, თუ ვინმეს მიმართ განხორციელდება ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა, პირადად მე და პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ იქნება მათ გვერდით. „ლელო“ იქნება მათი უსაფრთხოების ქოლგა და არავის მივცემთ ჩვენი მოქალაქეების დაშინების შესაძლებლობას.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოვითხოვთ მყისიერად სამართლებრივ რეაგირებას. ის, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კანონში ვითომ გამკაცრებას ითხოვენ, აქ არის მანანა სულთანიშვილი, დაშინების რეალური მსხვერპლი. არ დავუშვებთ ადამიანების დაშინებას, არ გამოგივათ, ეს ძალიან მალე დასრულდება“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.