ლევან რატიანი - იმისთვის, რომ ყველამ ერთად, კვლავ ვნახოთ გაზაფხული, მკაცრი ზომები უნდა დავიცვათ
იმისთვის, რომ ყველამ ერთად, კვლავ ვნახოთ გაზაფხული, ეს მკაცრი ზომები უნდა დავიცვათ, ვინაიდან არ გვაქვს არანაირი სამკურნალო საშუალება, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„თითქოს, მზის შუქზე გამოანათა ვაქცინამ, მაგრამ მასაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს ეფექტურობასთან დაკავშირებით, გამოსავალთან და ა.შ. ერთადერთი, რაც ვიცით, ისაა, რომ მკაცრი იზოლაციის პირობებში ნებისმიერი სიცოცხლე შეიძლება, გადარჩეს. ამიტომ, ახალი წელი მოკრძალებულად უნდა აღვნიშნოთ, რომ კვლავ შევხვდეთ გაზაფხულს. თუ იმის ხმის მოსმენა და დანახვა გვინდა, ვინც ძალიან გვიყვარს, ინტერნეტით ვნახოთ; ამ ეტაპზე ასე ვნახოთ ერთმანეთი, რომ გადავრჩეთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ლევან რატიანმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსის შესახებ ჭარბმა ინფორმაციამ არ უნდა გაგვათამამოს, რადგან დღესდღეობით, ამ ჭარბ ინფორმაციაში ღირებული, სამწუხაროდ, არაფერია.
„თითქოს, ამ ეტაპზე კარგად შევიცანით ეს ვირუსი და ჩვენთვის ნაცნობი გახდა, მაგრამ ამ ნაცნობმა, სამწუხაროდ, იმ რიცხვებამდე მიგვიყვანა, რასაც ვირუსის გავრცელების პიკი ერქვა. პანდემიის დასაწყისში „კოვიდი“ უცნობი იყო, მის შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა, მასთან რატომღაც, შორს ვიდექით და ვიცავდით ყველა ჰიგიენურ ნორმას, რაც ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის იყო მიმართული. ახლა კი, ახალი კორონავირუსის შესახებ ჭარბმა ინფორმაციამ არ უნდა გაგვათამამოს, რადგან დღესდღეობით, ამ ჭარბ ინფორმაციაში ღირებული, სამწუხაროდ, არაფერია. ეს იმას გულისხმობს, რომ დღეს ბიოლოგები და სამედიცინო ინსტიტუტები ამ ვირუსის აქტივობისკენ არიან მიმართული, თითქოს, სამყარომ მედიცინისა და ბიოლოგიის სხვა ასპექტები დაივიწყა და ამ არაცოცხალი ნაწილაკის შესწავლაზე ვართ გადართული, მაგრამ ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არანაირი სუბსტრატი არ გვიდევს, რომელიც ყველას გვათქმევინებს ჭეშმარიტ სიტყვას, რომ მეცნიერებს ვირუსთან ბრძოლის შესაძლებლობა გააჩნიათ. ასე არ არის. ზღვა ინფორმაცია, რამაც „კოვიდი“ ნაცნობი გაგვიხადა, ბოლომდე ჭეშმარიტებას არ წარმოადგენს და ამიტომ უფრო მეტად ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა ჩვენი სიცოცხლეები გადარჩეს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ლევან რატიანმა საზოგადოებას თხოვნით მიმართა, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.
„ჩვენ, ექიმებსაც გაგვაჩნია რესურსი, რომელიც ამოუწურავი არ არის. საბედნიეროდ, კვლავწარმოშობა არსებობს, სამყაროში ღმერთის მიერ დაშვებული, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. აუცილებლად უნდა გავიაზროთ, რა ეპოქაში ვცხოვრობთ და ერთმანეთს როგორ უნდა შევუწყოთ ხელი. ახალმა კორონავირუსმა კაცობრიობის ცხოვრება შეცვალა. მე პირადად, ჩემი მე დამიკარგა. იმიტომ, რომ დღესდღეობით, შენი მეობა არაფერს წარმოადგენს. როცა უთანასწორო ომში ვმონაწილეობთ, ერთადერთი, რაც გადაგვარჩენს, ერთმანეთის თანაგრძნობა და სიყვარულია“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.
მისი თქმით, ძალიან ცუდია, როცა სოციალურ ქსელში ადამიანები ერთმანეთს ლანძღავენ და ძალიან ბევრი ცუდი იწერება, მაგრამ საბედნიეროდ, საქართველოში ძალიან ბევრი კეთილი ადამიანი აღმოჩნდა.
„ჩვენ რაც შეიძლება, მეტი სიკეთე უნდა ვაკეთოთ. იმიტომ, რომ მხოლოდ და მხოლოდ სიკეთის კეთება გადაგვარჩენს. ჩვენ დიდი ერი არ ვართ, რომ ეს ვერ გავაკეთოთ. ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.