ლევან რატიანი - რამდენიმე ათეული პაციენტი გავწერეთ, ისინი საკარანტინო ზონაში გადავიდნენ
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში 57 პაციენტი იმყოფება, მათგან 13 დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით.
რატიანი ამბობს, რომ კორონავირუსზე დღეს ათეულობით პაციენტის პასუხი უარყოფითი მიიღეს.
„დღეს მოვიდა ყველა უარყოფითი პასუხი და რამდენიმე ათეულმა პაციენტმა დატოვა კლინიკა, გადავიდა საკარანტინო ზონაში. დღეს გაგზავნილი გვაქვს ახალი ნიმუშები და ველოდებით დღის ბოლოსთვის ბიოლოგიური მასალის ტესტის პასუხებს“ ,- განაცხადა რატიანმა.
რაც შეეხება ახალშობილებს, რატიანი ამბობს, რომ სამივე ახალშობილის მდგომარეობა დინამიკაში უცვლელია.
„სტაბილურია სამივეს მდგომარეობა, ემორჩილება დაწყებულ მკურნალობას“ ,- განაცხადა რატიანმა.
სამი ახალშობილიდან ერთის პასუხები გუშინ უკვე მიიღეს და მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. რაც შეეხება ორს, რატიანი ამბობს, რომ ტესტის პასუხებს დღის ბოლოსთვის ელოდებიან.
ამასთან, რატიანი აცხადებს, რომ რეანიმაციაში რჩება კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი, მათი მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა ამ დროისთვის ვიტალური ფუნქციები შენარჩუნებულია.
რაც შეეხება კორონავირუსის მქონე ორსულს, რატიანის განცხადებით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფიელბელია და მიმდინარეობს დაკვირვება.
„ორსული გოგონა არის ვირუსით ინფიცირებული, ეს არ ნიშნავს, რომ არის დაავადებული, ვინაიდან ამ ეტაპისთვის კლინიკური სიმპტომატიკა, პათოლოგიური მდგომარეობა არ ვლინდება. ვინაიდან არ ვიცით ამ ვირუსის ბიოლოგიური სტრატეგია, ვაკვირდებით განყოფილებაში ინფექციონისტთან და მეან გინეკოლოგთან ერთად“ ,- განაცხადა ლევან რატიანმა.