ლევან ნატროშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დღევანდელი ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნებულს შეფასებას არ ებმის
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი არ ეთანხმება „ქართული ოცნების“ წევრის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო არჩევნების შეფასებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციამ პოზიცია შეიცვალა.
როგორც ლევან ნატროშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დღევანდელი ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნებულს შეფასებას არ ებმის.
„მთლად სწორი არ იქნება იმის ინტერპრეტაცია, რომ განცხადებაში რაღაც ფრაზა ამ ანგარიშს შევადაროთ. არ ვფიქრობ, რომ რაიმე შეიცვალა ამ მხრივ. ვფიქრობ, დაკვირვება, რომელიც გვქონდა იმ ერთობლივ შეფასებაში, იგივე დარჩა“, – განაცხადა ნატროშვილმა.
„ჩვენმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება კვლავ პრობლემურია ჩვენი ქვეყნისთვის. ძალადობის შემთხვევების არაეფექტური გამოძიება, მმართველი პარტიის მეირ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა მობილიზება საარჩევნო კამპანიისთვის, საგამოძიებო უწყებების გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის და ა.შ. ეს არის ის მანკიერი ტენდენციები, რომლებიც საქართველოში ძალიან დიდი ხანია გვხვდება. როგორც ამ ხელისუფლების, ისე წინა ხელისუფლების დროსაც გვქონდა ასეთი შემთხვევები. ფაქტობრივად, ასეთი ნეგატიური ტენდენციები არ იცვლება და არჩევნებიდან არჩევნებამდე მეორდება, მათ შორის ამ არჩევნებზეც. ზღვარი ნამდვილად იყო წაშლილი მმართველ პარტიასა და ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის, ხდებოდა მნიშვნელოვანი გამოყენება ადმინისტრაციული რესურსების. ადმინისტრაციულ რესურსთან დაკავშირებით ჩვენი მთავრი მიგნება ის არის, რომ ეს პრობლემები საქართველოში კვლავ არსებობს და სხვადასხვა არჩევნებზე კვლავ მეორდება.
თუ ჩვენ შევადარებთ ერთ არჩევნებს მეორეს, შემიძლია ვთქვა, რომ ადმინისტრაციული რესურსი რაც ამ არჩევნებზე გამოიყენებოდა, სხვადასხვა წლებში სხვადასხვა არჩევნებზე იყო. ვერ ვიტყოდი, რომ დადებით კონტექტსში უნდა აღვიქვათ დღეს გამოქვეყნებული ანგარიში. გარკვეული სახეობის პრობლემების ინტენსივობა შედარებით ნაკლები იყო, ვიდრე მაგალითად 2018 წელს. მაგალითად, მაშინ პირველიდან მეორე ტურამდე პერიდოში გაცილებით მასობრივად იყო გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი, იყო აქ ასევე მოსყიდვის მასობრივი შემთხვევა 600 ათას ამომრჩეველთან დაკავშირებული, ასეთი შემთხვევა არ იყო, მაგრამ სამაგიეროდ, აქ სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების ინიცირება მოხდა საარჩევნო პერიოდში ან არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, რაც პანდემიასთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მკაცრად არ შეგვიფასებია ეს პროგრამები. ვამბობდით, რომ მას გარკვეული გავლენა ექნებოდა არჩევნებზეც“, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
„ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა დღეს ფეისბუქპოსტი გაავრცელა, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ორი ანგარიშის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ერთი ანგარიში გამოქვეყნებულია 4 ნოემბერს, ხოლო მეორე დღეს. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს: „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ შეასწორა პოზიცია და აღარ საუბრობს „ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებასა“ და „სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვრის წაშლაზე“.