ლევან მურუსიძე - წარმოგიდგენიათ, კელი დეგნანმა სასამართლოს ფუნქცია შეითავსა, დავუშვათ, ხარ ამერიკის ელჩი, მაგრამ შეიძლება, რომ სასამართლოს გარეშე ადამიანზე თქვა კორუმპირებული?
არ ჩამიდენია ისეთი რამ, რასაც სანქცირება უნდა მოჰყოლოდა, ვეცდები, მაქსიმალურად ღირსეულად გადავიტანო, რადგან მიმაჩნია, რომ, საბოლოო ჯამში, ღირსება მაინც ყველაზე მაღლა დგას, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძე აშშ-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც მისი და კიდევ სამი მოსამართლის დასანქცირებას ეხება.
როგორც მურუსიძემ აღნიშნა, „ეს არის მოგონილი და თითიდან გამოწოვილი“.
„ეს, რაც ხდება, წლების განმავლობაში სასამართლოს წინააღმდეგ შეტევა, ამის დამაგვირგვინებელი ფაზა იყო. ვერ მოახერხეს სასამართლო სისტემაში შემოღწევა, არასამთავრობოებით შეტევა, პოლიტიკური პარტიებით შეტევაც იყო, რაღაც დასკვნები იყო და რომ ვერ მოახერხეს ვერაფერი, რეალურად მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას ვუყურებ შემდეგნაირად – ფაქტობრივად, თქვეს ამ გადაწყვეტილებით, რომ ეს კორუფცია არის შირმა, აბა, რამე ხომ უნდა დაეწერათ. ამ დროს მიმართავენ სხვა მოსამართლეებს და ეუბნებიან, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ და, შესაბამისად, ჩვენი იმედი გქონდეთ. აქ არის პირდაპირი ჩარევა სასამართლოზე და ეუბნებიან, რომ თუ ისე მოიქცევით, როგორც ჩვენ გვინდა, პრობლემა არ იქნება, მაგრამ თუ ისე მოიქცევით და მიიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენს ინტერესებს არ შეესაბამება, ისე მოგექცევით, როგორც მოვექეცით ლევან მურუსიძეს. არავის არ აინტერესებს კორუფციის თემა, ეს არის მოგონილი და თითიდან გამოწოვილი.
სასიამოვნო ნამდვილად არ არის, რთულია ჩემთვის პერსონალურად, მომავლისთვის, მაგრამ ამას ძალიან მშვიდად ვუყურებ. შესაბამისად, ვეცდები რომ მაქსიმალურად ღირსეულად გადავიტანო, რადგან მიმაჩნია, რომ, საბოლოო ჯამში, ღირსება მაინც ყველაზე მაღლა დგას. მე არ ჩამიდენია ისეთი რამე, რასაც სანქცირება უნდა მოჰყოლოდა. დაველოდები, თუ ვინმე რეალურად დაინტერესდება და კონკრეტულად რამე ბრალდებას თუ წამომიყენებენ, მაშინ საჯაროდ მაქსიმალურად თავს დავიცავ და დავამტკიცებ, რომ რეალურად კორუფცია არის თითიდან გამოწოვილი, არ მეშინია მაგის“,- განაცხადა მურუსიძემ.
მურუსიძე საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებასაც გამოეხმაურა.
„წარმოგიდგენიათ, სასამართლოს ფუნქცია შეითავსა, ხომ ხვდებით, რა ხდება. ხომ არ შეიძლება, რომ კელი დეგნანი იყოს ჭეშმარიტება. თუნდაც, დავუშვათ, რომ ხარ ამერიკის ელჩი, მაგრამ შეიძლება, რომ სასამართლოს გარეშე ადამიანზე თქვა – ოთხი კორუმპირებული? უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს და ესენი ლაპარაკობენ თუნდაც სასამართლო დამოუკიდებლობაზე. მათ უნდათ, რომ ქართველ ხალხს გვერდში დაუდგნენ. 30 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, არ მინდა ახლა, მოსამართლე ვარ, მაგრამ გადახედეთ, რა შედეგები გვაქვს – დაკარგული ტერიტორიები, ათასი რამე და ჯობდა, რომ კელი დეგნანს ელაპარაკა, როგორ შეიძლება დავიბრუნოთ, ვთქვათ, აფხაზეთი. როგორ შეიძლება, დავიბრუნოთ სამაჩაბლო. როგორ შეიძლება, საქართველო გაძლიერდეს ეკონომიკურად, და არა ის, რომ შეითავსოს მოსამართლის ფუნქცია და თქვას, რომ მოსამართლეები არიან კორუმპირებულები ისე, რომ არც სასამართლო მომხდარა, არავის დავუბარებივარ. არავის უთქვამს, აბა, ბატონო ლევან, მობრძანდით, და თქვენ რომ ამ ბრალდებას გიყენებთ კორუფციაზე, რა არგუმენტები გაქვთ საპირისპირო. ამიტომ ახლა გამოდის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რა თქმა უნდა, ძლიერი, გავლენიანი ქვეყანაა, მურუსიძეს მოერევა, ბუნებრივია, მაგრამ რომ იძახის, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სიმართლეს ლაპარაკობს. როგორ შეიძლება, მოსამართლის ფუნქციას ითავსებს? მოსამართლე არის? გაგვასამართლა?“ – განუცხადა ლევან მურუსიძემ საქართველოს პირველ არხს.