ლევან მურუსიძე - სასამართლო არ არის ის თემა, რის გამოც შეიძლება, კანდიდატის სტატუსის მიღება ფერხდებოდეს, უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით, საქართველოს სასამართლო გაცილებით წინ არის
ლევან მურუსიძე - სასამართლო არ არის ის თემა, რის გამოც შეიძლება, კანდიდატის სტატუსის მიღება ფერხდებოდეს, უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით, საქართველოს სასამართლო გაცილებით წინ არის

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეული წევრის ლევან მურუსიძის შეფასებით, სასამართლოს თემა არ არის ის, რის გამოც შეიძლება, ფერხდებოდეს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება.

მურუსიძის თქმით, უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, საქართველოს სასამართლო გაცილებით წინ არის.

„მიმაჩნია, რომ სასამართლო არ არის ის თემა, რომლის გამოც ფერხდებოდეს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღება, რადგან ამას ყველა ობიექტური წარმომადგენელი დაადასტურებს. რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას, საქართველოს სასამართლო გაცილებით წინ არის მათთან მიმართებაში. ამიტომ, სასამართლოს თემის ხელზე დახვევა და თქმა, რომ სასამართლო არ არის ქვეყანაში, მიმაჩნია, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ბოროტებაა“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ამასთან, ლევან მურუსიძემ ისაუბრა, რა მიმართულებით გაამახვილებს ყურადღებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქმიანობისას.

„ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული საქართველოს მოსახლეობის წინაშე, შესაბამისად, ყველაზე მთავარ პრობლემად მიმაჩნია გადატვირთულობა, რომ მოქალაქეები წლების განმავლობაში ელოდებიან გადაწყვეტილების მიღებას. ეს არ მოხდება ერთ, ორ დღეში, მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა, რათა უახლოეს პერიოდში საქართველოს მოსახლეობის წინაშე წარვდგეთ პირნათლები და ჩავაბაროთ ანგარიში იმ კუთხით, რომ სასამართლო იმუშავებს გამართულად და არ იქნება საქმეთა გაჭიანურება“, – აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი დაამტკიცეს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები ლევან მურუსიძე (268 ხმა) და დიმიტრი გვრიტიშვილი (267 ხმა) ხმათა უმრავლესობით  და ფარული კენჭისყრით აირჩიეს.

დიმიტრი გვრიტიშვილი კანდიდატად მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ საკუთარი კანდიდატურა თავად დააყენა. როგორც მურუსიძემ აღნიშნა, ამის მიზეზი გახდა მისი მისამართით ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები და ბრალდებები, რის გამოც, როგორც თავად ამბობს, გადაწყვიტა, რომ აღნიშნულ ბრალდებებს საბჭოს წევრის ტრიბუნიდან გასცეს პასუხი. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა, გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა საკუთარი განცხადებების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს. კონფერენცია საბჭოს მოსამართლე წევრს თანამდებობაზე ოთხი წლის ვადით ამწესებს.