ლევან მურუსიძე - შეუძლებელი იყო გირგვლიანის საქმეზე სხვა გადაწყვეტილების მიღება, მორალით შესაძლოა, ერთნაირად ვფიქრობდეთ, თუმცა საბოლოოდ მაინც კანონიდან გამოვდივართ
სანდრო გირგვლიანის საქმეზე სხვა გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე განაცხადა.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართალე წევრი დაინტერესდა, რატომ მიიღო ლევან მურუსიძემ გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენით, მხარეების მოსმენის გარეშე, ასევე რამდენად საამრთლიანი იყო გამოტანილი გადაწყვეტილება.
„იმ დროს ყველგან ირინა ენუქიძის ხმა ისმოდა და არ გქონდათ სურვილი, რომ მაშინ მისთვის სიტყვა მიგეცათ?“, – მიმართა ანა დოლიძემ ლევან მურუსიძეს.
ანა დოლიძის საპასუხოდ, ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას კანონიდან გამომდინარე იღებს, მიუხედავად მისი მორალური შეხედულებებისა.
„თქვენ ახლა მორალურ პასუხისმგებლობას მაკისრებთ? მე ამ შემთხვევაში სამართლებრივი ანუ კანონის კუთხით გამოვდივარ. მორალით კი შესაძლოა, რომ ორივე ერთნაირად ვფიქრობდეთ, თუმცა საბოლოო ჯამში, მაინც კანონიდან გამოვდივართ“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მისი თქმით, სანდრო გირგვლიანის საქმეს უზენაესი სასამართლო ქვედა ინსტანციებში ვერ დააბრუნებდა.
„საკასაციო ინსტანციაში პროკურატურას მსჯავრდებულების სასჯელის დამძიმება არ მოუთხოვია, ხოლო დაზარალებულს კი სააპელაციო საჩივარი ჰქონდა გამოტოვებული, ანუ, რეალურად, შეუძლებელი იყო ამ საქმეზე სხვა გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა მურუსიძემ.