ლევან მურუსიძე - სასამართლო სისტემაში არავითარი კლანი არ არსებობს, სასამართლო კორპუსმა იგრძნო, რომ დამოუკიდებელია
სასამართლო სისტემაში არავითარი კლანი არ არსებობს, სასამართლო კორპუსმა იგრძნო, რომ არის დამოუკიდებელი ხელისუფლება, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხადა.
ლევან მურუსიძის განცხადებით, კლანი დანაშაულთან ასოცირდება. ამასთან, აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ სტრასბურგში გასაგზავნი საქმეების რაოდენობა 11-ჯერ შემცირდა.
„არავითარი კლანი სასამართლო სისტემაში არ არსებობს. კლანი ზოგადად ასოცირდება დანაშაულთან. 2012 წლის შემდეგ ამ ე.წ. კლანს ვისაც ეძახით – იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და მთლიანად სასამართლო კორპუსმა – დადო ისეთი შედეგი, რომელიც არ ჰქონია სასამართლო სისტემას საქართველოს არსებობის ისტორიაში. ყველაზე ნათელი შედეგი არის ის, რომ 11-ჯერ შემცირდა სტრასბურგში მიმართვიანობა. როგორ შეიძლება კლანი ვუწოდოთ იმას, რომელმაც 11-ჯერ შეამცირა სტრასბურგში გასაგზავნი საქმეების რაოდენობა და ყველა მიმართულებით სასამართლოს აქვს წარმატება. ამიტომ კლანზე საუბარი გამორიცხულია. ეს არის სასამართლო კორპუსი, რომელმაც იგრძნო, რომ არის დამოუკიდებელი ხელისუფლება და შესაბამისად, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ცდილობს თავისი ინტერესები წარმოაჩინოს“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების უარყოფით შეფასებებს იუსტიციის საბჭოზე, ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ იუსტიციის საბჭო არის სასამართლო სისტემის მმართველი ორგანო და სასამართლო კორპუსის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.
„ჩვენ ვართ ღია. უფრო მეტიც, ვთავაზობთ, სასამართლო კორპუსში მაქსიმალურად შემოვიდნენ, თავად გახდნენ მოსამართლეები და შიგნიდან შეხედონ სიტუაციას, მაგრამ ამისათვის პატივცემულო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებო, გჭირდებათ გამოცდის ჩაბარება. თქვენ თუ გამოცდას ვერ აბარებთ, ვერ მოხვალთ სასამართლო სისტემაში. ამიტომ იყავით უფრო კომპეტენტურები, კეთილგონიერები და როდესაც სასამართლო სისტემა პატივს გცემთ, თქვენც ანალოგიურად პატივისცემით მოეპყარით“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.